ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში FITUR-2023 მონაწილეობს. მადრიდში მიმდინარე გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და 8 ტურისტული კომპანიაა წარდგენილი.
გამოფენის ფარგლებში, ესპანეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, შეხვედრები მიმდინარეობს საერთაშორისო ტურისტული კომპანიების, საერთაშორისო მედიებისა და საკომუნიკაციო სააგენტოების წარმომადგენლებთან. FITUR -2023-ზე საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება აქვთ ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ ვიდეო რგოლები იხილონ და ტურისტულ პროდუქტებს გაეცნონ.
მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე 130-ზე მეტი სახელმწიფოდან 8 ათასზე მეტი კომპანიაა წარდგენილი. FITUR -2023-ს 100 ათასზე მეტი დამთვალიერებელი და ბიზნესის წარმომადგენელი ესწრება.