თოვს…
დღეს სულების მასპინძლობა იწყება სვანეთში – „ლისგვჯინაალ“, ეს არის ამოუცნობი, მისტიკური დღესასწაული, რომელიც ცოცხლებს გარდაცვლილებთან ახვედრებს…
ბავშობიდან მომყვება, როგორი ბედნიერი ვემზადებოდი გარდაცვლილებთან შესახვედრად და როგორ გვიხაროდა მათი მოსვლა…
ეს განსაკუთრებული დღეა…
ამ დღისთვის წლიდან – წლამდე ინახავდნენ უშგულში ტკბილეულს..
ამ დღეს ყველაფერი ძვირფასი უნდა იდოს სუფრაზე…
ამ დღისთვის განსაკუთრებულად გამოგვპრანჭავდნენ ბავშვებს…
18 იანვრის საღამოს, საოცარი სიჩუმე ისადგურებს, მარტო ნაკვერჩხლების ტკაცა-ტკუცი ისმის…
როცა ისინი მოდიან, გგონია რომ ნაბიჯების ხმა გესმის, ლამაზად გაწყობილ სუფრას კერძების თბილი ორთქლი ასდის…
მთელი ოჯახი ფეხზე დგომით ვეგებებით მონატრებულ სტუმრებს..
ოჯახის უფროსი კარს უღებს და სუფრასთან პატიჟებს…
ხვდები რომ ჩვენ მარტონი არ ვართ, ჩვენთან ერთად არის ყველა ახლობელი, ყველა წინაპარი…
ამ დღეს ძალიან ბევრნი ვართ…
ამ დღეს არავინ გვაკლია…
არ გვყავს გარდაცვლილი ოჯახში…
ისინი ჩვენთან არიან ახლა…
ბაბუა — ჯაგოს სიგარეტი უყვარდაო და მამიკო პაპიროსს მოუკიდებდა და საფერფლეში ჩადებდა, ბებია მარიამისთვის გაზეთები უნდა დაგვეხვედრებინა ახალი ამბები რომ გაეგო…
მერე მაგიდას მარჯვნივ შემოვატრიალებთ, კერძებსაც, თეფშებსაც…
ყველა ერთად მივუსხდებით სუფრას…
ვიხსენებთ რომ დეიდას ეს კერძი უყვარდა, ბებიას ეს…
ხო, კოჭლები მეხუთე დღეს მარტო ახერხებენ მოსვლას, მათთვის ცალკე სუფრა მზადდება…
ვყვებით ზღაპრებს…
ეს არის რიტუალი, რომელიც სხვანაირად გათბობს…
რიტუალი, რომელიც გარდაცვლილი ადამიანების მონატრებას გიმსუბუქებს…
მერე ლალხორში მიდიან…
იქ ჩვენს მომავალს წყვეტენ ღმერთთან და ჩვენ შევთხოვთ მშვიდობას…
ლალხორიდან დაბრუნებულებს ცხელი “ქაშა” და აგიზგიზებული “ფეჩი” უნდა დავახვედროთ…
უნდა გავათბოთ…
ო, რა ცივი ზამთარია სვანეთში…
მერე ისევ თოვას იწყებს…
არემარე ისევ გადათეთრდება…
მათი წასვლის დღე დადგება…
გამთენიისას ნახევრად მძინარე „ფეჩთან“ ვითბობთ ხელებს და გულის ფანცქალით ვაცილებთ მონატრებულ სტუმრებს…
იმედით, რომ ისევ მოვლენ…
და ბოლოს ისევ მიდიან….
წინა ღამით აუცილებლად ჩამოთოვს და სუფთა თოვლზე მათ ნაკვალევს გვიტოვებენ…
ჩვენ ვაცილებთ და ვეუბნებით: “არც გიჩქარით, არც გიგვიანებთ”
საოცარი სიჩუმე ისადგურებს სახლში, სიცარიელე და ჩვენ ისევ ველოდებით დღეს, როცა ისინი კვლავ მოვლენ..
და ისინიც ყოველ წელს მოდიან…
მახსოვს ბავშვობაში, ბებია-ბაბუები ჩურჩულით იწყებდნენ გარდაცვლილების სახელების ჩამოთვლას, ჩვენ ვერ ვხედავდით, მაგრამ ვგრძნობდით მათ სიახლოვეს, სახელების მიხედვით ვხვდებოდით ვინ გვყავდა სტუმრად და გვეცინებოდა, სიცილზე მშობლები გვიბრაზდებოდნენ, ბებია კი იტყოდა – დაანებეთ ბავშვებს თავი, გარდაცვლილებსაც უხარიათ ბავშვები რომ იცინიანო, და ეს ამოუცნობი შეგრძნება დღესაც მომყვება და დღესაც მეცინება, ახლაც ჩავატარეთ ეს რიტუალი და სასიამოვნოდ გამეღიმა როგორც ბავშვობაში…
დღეს, ჩემი ბებია-ბაბუი მოვიდნენ და ძალიან გამახარეს, ის სითბო შევიგრძენი როგორც ბავშვობაში…
მარიამ ხაჭვანი
ამ რიტუალის ნაწყვეტი ვაჩვენე “დედე” -ში. ზუსტად იგივე დღეს დავამთხვიეთ ფილმის გადაღებაც, ჯგუფთან ერთად ჯერ შევუნდეთ, შემდეგ გადაღება დავიწყეთ.