“კაფე მიულერში, წერილები ცეკვაზე” – შეხვედრა ხათუნა მზარელუასთან

17იანვარს, 18სთ-ზე, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში გაიმართა შეხვედრა ჟურნალისტ, პოეტ, თანამედროვე ცეკვის მკვლევართან, ხათუნა მზარელუასთან, რომელმაც თავისი ნაშრომი “კაფე მიულერში, წერილები ცეკვაზე” წარმოადგინა.

შეხვედრა ფრანგულ ენაზე ჩატარდა.

ხათუნა მზარელუა დამოუკიდებელი ჟურნალისტი, თანამედროვე ცეკვის მკვლევარი და ფრანკოფონი პოეტია. როგორც ჟურნალისტი, ის თანამშრომლობს სხვადასხვა ჟურნალთან, მათ შორის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ჟურნალ  – „არაბესკთან“.

ხათუნა მზარელუა ფრანგულ ენაზე დაწერილი ორი პოეტური კრებულის ავტორია. ესენია: „შეყვარებული ხეები“ (2017), რომელიც ფრანგული ინსტიტუტის ხელშეწყობით გამოიცა და „ვარდების ბაღში დაწერილი“ (2020). ამ კრებულებისთვის, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მაღალი პატრონაჟის ქვეშ მყოფმა საერთაშორისო ფრანგულმა ასოციაცია – „ფრანგულმა რენესანსმა“ ის ფრანკოფონული ღირებულებების ოქროს მედლით დააჯილდოვა.

2011 წლის 26 ოქტომბრიდან ხათუნა მზარელუას მიჰყავს საჯარო ლექციების ციკლი ცეკვაზე, ვიდეოჩვენებების თანხლებით. ეს ციკლი ეხება თანამედროვე ევროპელი ქორეოგრაფების ნამუშევრებსა და ფრანგული კლასიკური ბალეტის ახალ ვერსიებს.

2022 წლის დეკემბერში გამოვიდა მისი პირველი წიგნი ცეკვაზე – „კაფე მიულერში“. ეს წიგნი პატივს მიაგებს ისეთი ფრანგი ქორეოგრაფების შემოქმედებას, როგორებიც არიან: მორის ბეჟარი, როლან პეტი, ანჟელენ პრელჟოკაჟი, მაგი მარენი, რაშიდ ურამდანი, ბენჟამენ მილპიე, ბორის შარმაცი, ლორანს იადი და ნიკოლა კანტიონი.

აღსანიშნავია, რომ „კაფე მიულერში“ გამოყენებულია ცნობილი ფრანგი, შვეიცარიელი, ავსტრალიელი და ქართველი ფოტოგრაფების ფოტოები, რომელთა გამოყენების ერთჯერადი და ექსკლუზიური უფლება მათ უსასყიდლოდ გადასცეს ხათუნა მზარელუას.

„კაფე მიულერში“ (წერილები ცეკვაზე) გამოიცა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მთავარი ხელშეწყობით.