დღეს კინოს ერთ – ერთი ულამაზესი მსახიობის, ‘’შერეკილების’’ ერთადერთი ქალი პერსონაჟის – მარგალიტა ამყოლაძის როლის შემსრულებლის, არიადნა შენგელაიას დაბადების დღეა.
არიადნამ დაწყებითი და უმაღლესი განათლება მოსკოვში მიიღო. პირველ ფილმში გამოჩენის შემდეგ, ის რეჟისორების ყურადღების ცენტრში მოექცა. მან რუსულ და ქართულ ეკრანზე არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნა. პირველი როლები ფილმებში, ჯერ კიდევ “ვგიკის” სტუდენტმა შეასრულა – 21 წლის იყო, მესამე კურსის სტუდენტი, როცა ფილმ – ოპერაში ტატიანას როლზე დაამტკიცეს. ამ როლის გამო დამწყები მსახიობი კიევის საკავშირო კინოფესტივალზე პირველი პრემიით დაჯილდოვდა.
ორიათასიანი წლების დასაწყისში არიადნა შენგელაიამ სამსახიობო კარიერა დაასრულა და რამდენიმე წლის განმავლობაში თეატრალურ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა.
უკვე წლებია მსახიობი უარს აცხადებს ინტერვიუებზე და საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებშიც თითქმის არ ჩნდება.
არიადნამ გვარი შენგელაია თავის პირველ ქმართან, რეჟისორ ელდარ შენგელაიასთან გაყრის შემდეგ დაიტოვა. ისინი სტუდენტობისას შეუღლდნენ და ერთად 20 წელზე მეტი იცხოვრეს.
2020 წელს, საქართველოს სახალხო არტისტის, არიადნა შენგელაიას ვარსკვლავი კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ გაიხსნა.