10 იანვრიდან, ერთი თვის ვადით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა გთავაზობთ უფასო წვდომას ხელოვნების ციფრულ ბიბლიოთეკაზე ARTSTOR, რომელიც 3 მილიონამდე ციფრულ მასალას, ხელოვნების, არქიტექტურის, ჰუმანიტარული მეცნიერებების შესახებ მასალებსა და კერძო ნამუშევრებს აერთიანებს და ამჟამად JSTOR ბაზაშია.
“მონაცემთა ბაზა მოიცავს სხვადასხვა პერიოდისა და კულტურის ნამუშევრებს, სხვადასხვა ტექნოლოგიებს გამოსახულების შესწავლისა და სწავლებისათვის. დღეისთვის ციფრული ბიბლიოთეკით 45 ქვეყნის 1500 ორგანიზაცია სარგებლობს. მსურველებისთვის წარმოდგენილია მსოფლიოს ცნობილი მუზეუმების, ფოტოარქივების, ბიბლიოთეკების, ხელოვანთა, მეცნიერთა, ფოტოგრაფთა არქივები და ნამუშევრები; მათ შორის, მაგნუმის ფოტოარქივი, კარნეგის ხელოვნების ფონდი, თანამედროვე ხელოვნების გალერეა (MoMA), მეტროპოლიტანის მუზეუმი, ბოდლეანის ბიბლიოთეკა და სხვა ორგანიზაციების კოლექციები.
Artstor ბაზა პერიოდულად განახლებადია და მასში ნახავთ ბარდ კოლეჯის, კოლბის კოლეჯის, იელის, ჰარვარდის, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის, არქიტექტურის ისტორიკოსთა გაერთიანების, ილინოისის, მიდლბერის და მაიამის უნივერსიტეტების ნამუშევართა განახლებულ კოლექციებსაც, აგრეთვე, კოლექციების ალბომებსაც. მასალების გადმოწერა და გავრცელება შესაძლებელია მხოლოდ საგანმანათლებლო და არაკომერციული მიზნებისთვის”, – ნათქვამია ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.