საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება საარქივო დოკუმენტები ახალი წლის თემატიკაზე – გთავაზობთ ამონარიდს – „დროების „1869 წლის 2 იანვრის სტატიიდან:
როგორ ხვდებიან გურიაში „კალენდას“ „… იმ ღამეს სანთლის დანთების ღამეს ეძახიან შინაურულად, ხოლო სასოფლოდ ეძახიან რცხმელის ჭრად, რადგანაც მართლა იმ დღეს რცხმელის შეშის მეტს ხალხი არას მოსჭრის და ახალ წელიწადს იმ ხსენებულ რცხმელის შეშის მეტს არას ხმარობენ… რა რომ ვახშამს დაასრულებენ, ერთი მამაკაცთაგანი გამოდის გარეთ და შეუდგება ჩიჩილაკის* კეთებასა და თლასა, მინამ ალიონი მოატანს, მანამ იმ ჩიჩილაკის ჩამოთლას უნდება;
მაგრამ, როგორც მორთული იქმნება ეს ჩიჩილაკი, ისიც მოიხსენეთ მკითხველო, იმაზედ იქმნებიან დამოკიდებულნი, რაც შეძლება აქვს იმის პატრონს, ოქრო ან ვერცხლი, ან რომელიმე ნივთეულობა, ან რამე ტკბილი შაქარლამები, ან რაც ამ გვარის ხილოულობას იშოვნის; მასთან სუროს ფოთელი თავის მარცვლებით და ეკლის წითელ-წითელი მარცვლები, რომელსაც აქ ეძახიან „კურკანტელას“ და რა რომ ალიონი ამოვა, მამაკაციც მოათავებს ჩიჩილაკის წყობას და რთვას, გამოვა გარეთ ამ ჩიჩილაკით, თან მიჰყვება ერთი ანუ ორი ბიჭი, თუკი შეძლებული კაცია… მიადგებიან თავის სახლის კარებს, რომელშიაც კარზე ვინმე იდგება და ამას სახლის კარები ხელით აქვს დაჭერილი. მამაკაცი გარედამ შესძახებს დიდის სიამოვნების ხმით: „კარი გამიღე!“ სახლიდამ ეპასუხებიან: „რა მოგაქვს?“ მამაკაცი: „მობრძანდება წმინდა ბასილ, მოაქვს ღვთისა და ბატონის მოწყალება, კაცთა მშვიდობა, ოქრო და ვერცხლი, თვალი და მარგალიტი, პური და ღვინო. ბედაური ცხენი რახტის შეკმაზული, ყირიმის თოფი, ინგლისის ფისტო (დამბაჩა), მოჭედილი სატევარი (ხანჯალი) და ყაჭ-აბრეშუმი“; რა რომ ამ ლოცვას დაასრულებს, კიდევ შესძახებს: „კარი გამიღე“! და კვალადვე პირველისამებრ მიიღებს პასუხს; რაღა დიდი გავაგრძელო, სამის გზის დალოცვის შემდეგ გაუღებენ კარებს და კარზე მდგომი შესცინებს: ხა! ხა! ხა! და ეს კაციც თავის ჩიჩილაკითა და მხლების თან მიყოლით შედის სახლში… იქ არიან შეკრებულნი დამდგარი ყველა იმ სახლშივე მყოფნი კაცნი და ქალნი. ყველას უჭირავს მოკიდებული ხელში თაფლის სანთლები. ეს კაცი თითოეულს იმ მდგომს ულოცავს: „ღმერთმან მრავალი ახალი წელიწადი გაგითენოსო“ და ისინიც მიუგებენ და ჩიჩილაკის მორთულობას ხელით უნდა შეეხონ. მამაკაცი სამ გზას ჩამოატარებს ამ ჩიჩილაკს და შემდეგ სახლის ერთ კუთხეში ჩამოჰკიდებს ნათლისღების დილამდის…
გურული ო… ბერიძე“