დღეს ღირსი მამაჲ ჩვენი გიორგი მწერალის და ძმა მისი საბას ხახულელნის ხსენების დღეა

ღირსი გიორგი მწერალი და მისი ძმა საბა, წმიდა გიორგი მთაწმინდელის (ხს. 27 ივნისს) მამის, იაკობის, ძმები იყვნენ. ისინი, ბერმონაზვნობის ღვაწლს შემდგარნი, ხახულის მონასტერში მოღვაწეობდნენ.

წმიდა მამები სავსენი იყვნენ საღმრთო მადლით. „ესენი მკჳდრ იყვნეს ხახულს ორითავე ცხორებითა შეზავებულად, რამეთუ სიმდიდრესა თანა საღმრთოჲსა მოქალაქობისასა ჴორციელიცა სიმდიდრე უხუებით აქუნდა“. როცა ღირსმა მამებმა ყრმა გიორგის სიკეთე და ღმრთისმოშიშება გაიგეს, იაკობს მისი ხახულში მიყვანა ურჩიეს. იაკობმაც სიხარულით მიჰგვარა შვილი ღმერთშემოსილ ძმებს.

ღირსმა გიორგიმ და საბამ ყრმა გიორგი ლოცვა-კურთხევის მისაღებად მონასტერში დავანებულ წმიდა მამებს: მაკარი მმარხველს, ბასილი ბაგრატის ძეს, ილარიონ თუალელს და ნატონი მნათეს წარუდგინეს, შემდეგ იქვე, მონასტერში დატოვეს და ხელმძღვანელობდნენ მის აღზრდასა და სწავლა-განათლებას. ამ დროს დაბა ტვარწატაფში ცხოვრობდა დიდებული ფერის ჯოჯიკისძე, რომელსაც ცოლად ჰყავდა მეფე ბაგრატ III-ის ასული. მათ განიზრახეს გონიერი და სულიერ ცხოვრებაში გამოცდილი ბერის მიპატიჟება სასახლეში მასწავლებლად და სულიერი ცხოვრების საქმეთა გამგედ. მათი არჩევანი ღირს გიორგი მწერალზე შეჩერდა, რადგან „უგონიერესსა ვერვის ჰპოვებდნენ“. ვედრებით დაითანხმეს ღირსი მამა მონასტრიდან წასვლაზე.

გიორგი ხახულელმა ფერის ჯოჯიკისძის ოჯახში თან წაიყვანა ყრმა გიორგი. ერთი წლის შემდეგ ბიზანტიის იმპერატორმა ბასილიმ ცილი დასწამა ფერისს და თავი მოჰკვეთა. მისი მეუღლე სახლიკაცებით, რომელთა რიცხვში გიორგი მწერალი და ყრმა გიორგი მთაწმინდელიც იყვნენ, კონსტანტინეპოლს წაიყვანეს, სადაც თორმეტი წელი დაჰყვეს. შემდგომ კვლავ უკან დაბრუნდნენ.

ქრისტესმიერი მოღვაწეობით დამაშვრალი ძმები მშვიდობით მიიცვალნენ.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.