საქართველო ისრაელის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის აღსანიშნავად გამოიცა ერთობლივი საფოსტო მარკა, რომელზედაც (ორივე ქვეყნის მარკაზე) იერუსალიმში 2001 წელს აღმოჩენილი, მეხუთე საუკუნის ქართული მონასტრის უნიკალური წარწერა – “ესე სამარხოი იოჰანე ფურტაველ ეპისკოპოსისაი ქართველისაი”, არის დატანილი. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია ავრცელებს და განმარტავს რატომ არის წარწერა უნიკალური და დიდი ინფორმაციის მატარებელი.
„გილოცავთ ❤️🇬🇪❤️
იერუსალიმში უძველესი ქართული კულტურული მემკვიდრეობის საჯარო საერთაშორისო აღიარებას – ისრაელთან ერთად გამოვეცით ერთობლივი საფოსტო მარკა. დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ეს გამოცემა მნიშვნელოვანია იმით, რომ ჩვენი მეგობარი ისრაელის სახელმწიფო დაგვთანხმდა – ორივე ქვეყნის მარკაზე იერუსალიმში 2001 წელს აღმოჩენილი, მეხუთე საუკუნის ქართული მონასტრის ეს უნიკალური წარწერა – “ესე სამარხოი იოჰანე ფურტაველ ეპისკოპოსისაი ქართველისაი”, დაგვეტანა. 🇬🇪❤️🇮🇱
წარწერა უნიკალური და დიდი ინფორმაციის მატარებელია:
🔹 პირველ რიგში, ეს არის საქართველოს ფარგლებს გარეთ აღმოჩენილი, ყველაზე ძველი ქართული წარწერა;
🔹 ასევე, ეს არის ყველაზე ძველი წერილობითი წყარო, რომელშიც ნახსენებია თვითმყოფადი ერის აღმნიშვნელი ტერმინი “ქ ა რ თ ვ ე ლ ი”.
🔹 მეორე – ის ფაქტი, რომ ამ პერიოდში, ქართველებს, სამუელ ეპისკოპოსის გარდა, წმინდა მიწაზე კიდევ ერთი ეპისკოპოსი ჰყავდათ, რაც ძლიერი და დიდი თემის დადასტურებაა;
🔹 წარწერიდან ირკვევა, რომ არსებობდა ეპარქია “ფურტავი” და მას თავისი ქართველი ეპისკოპოსი ჰყავდა;
🔹 მონასტრის მთავარი ტაძრის პირველი სართულის კრიპტაში 15 უწარწერო სამარხს შორის ქართველი ფურტაველი ეპისკოპოსის წარწერიანი სამარხის ცენტრალური ადგილმდებარეობა, მიუთითებს იმ დიდ პატივზე, რომელიც მონასტერმა მიაგო ქართველ ეპისკოპოსს, რაც თავად ქართულ წარწერასთან ერთად, მონასტრის, უდაოდ ქართულ წარმოშობაზე და ეპისკოპოსის მონასტერთან მმართველობით კავშირზე მიუთითებს.
🔹 თავად მონასტერი იმ არეალშია აღმოჩენილი, სადაც სხვა ქართული მონასტრის ბირ ელ კუთის ნაკვალევი და ქართული წარწერები გვხვდება.
ამჟამად, წარწერა ისრაელის ქნესეთის არქეოლოგიური მუზეუმის ცენტრალურ ადგილზეა განთავსებული.
ამ წარწერით და საიუბილეო ორი იდენტური მარკით გილოცავთ ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს!
დალოცვილ და წარმატებულ წელს გისურვებთ!“ – წერს საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია.