„…მამიდა თმებით გამოათრიეს, 19 წლის გოგოს ქუჩაში მიათრევდნენ… უკან მისდევდა ბებიაჩემი (ფეფიკოს დედა) და ეხვეწებოდა, ოღონდაც ეს დამიტოვეთ და 3 ბიჭიდან რომელიმე წაიყვანეთო… ამას ვინ შეისმენდა?! წაიყვანეს მამიდა”, – ამბობს ვერა ვარაზაშვილის ძმისშვილი ლია ვარაზაშვილი.
1937-38 წლების რეპრესიების მსხვერპლ ქალთაგან ყველაზე ახალგაზრდა, 1918 წელს, ბორჯომში დაბადებული 19 წლის ვერა ვარაზაშვილი იყო.
ვერას ტრაგედია გარკვეულწილად მამას უკავშირდებოდა.
ივანე ვარაზაშვილმა 1918 წელს დაარსდა “ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა სააქციო საზოგადოება“, რომელსაც ფილიალები ჰქონდა გერმანიაში, ინგლისში, თურქეთსა და ამერიკაში. პირველ თავმჯდომარედ მიიწვიეს ნიკო ნიკოლაძე.
1922 წელს ივანე თავის ძმასთან ერთად, სააქციო საზოგადოების დავალებით, გერმანიაში გაემგზავრა. იქ ძმებთან ერთად “რუსთაველის საზოგადოებას” ჩაუყარა საფუძველი, რომელიც ევროპაში მყოფ ქართველს სტუდენტებს ეხმარებოდა. ვანო სარაჯიშვილი და კონსტანტინე გამსახურდია სწორედ მათი სააქციო საზოგადოების სტიპენდიით სწავლობდნენ გერმანიაში.
1928 წელს კი სპარსეთის შაჰის, რეზა-ხან ფეჰლევის მიწვევითა და საბჭოთა მთავრობის ნებართვით ირანში სათავეში ჩაუდგა ირან-ინდოეთის რკინიგზის მშენებლობას.
ივანე ირანის საზღვრების ჩაკეტვისა და აგორებული რეპრესიების გამო თეირანში დარჩა და იქიდან უგზავნიდა ფულს ოჯახს. მართალია, სამი ვაჟი ჰყავდა, მაგრამ ფულს ვერას სახელზე აგზავნიდა იმ იმედით, რომ პატარა გოგოს ხელს არ ახლებდნენ. თუმცა შეცდა, 19 წლის ვერა ვარაზაშვილი დააპატიმრეს.
1937 წლის 11 აგვისტოს შინსახკომის ე.წ. “განსაკუთრებულმა სამეულმა” მას ბრალად დასდო ქართული ნაციონალ-სოციალისტურ-ფაშისტური ორგანიზაციის აქტიური წევრობა.
მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა.
19 წლის ვერა ვარაზაშვილი 1937 წლის 14 აგვისტოს დახვრიტეს.
ვერა ვარაზაშვილის ძმისშვილის, ლია ვარაზაშვილის ვერსიით, ვერა (ფეფიკო) ვარაზაშვილი ციხეში წამებით მოკლეს.