„რაც მეტად ვთავისუფლდებოდი ემიგრაციის პირველადი ელდისგან, მით უფრო ლამაზი და კეთილი მეჩვენებოდა სამყარო…“- ასე იწყება წერილი, რომელსაც დღეს შემოგთავაზებთ. მისი ავტორი ქართველი ემიგრანტი, ჟურნალისტი ხათუნა შარაძე გახლავთ.
„რაც მეტად ვთავისუფლდებოდი ემიგრაციის პირველადი ელდისგან, მით უფრო ლამაზი და კეთილი მეჩვენებოდა სამყარო. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოსა და იტალიას შორის არსებული სამყარო, ქართველი და იტალიელი ხალხი.
იდგა ღმერთი და მაკვირდებოდა. ღმერთთან ისე ახლოს არც მანამდე და არც მას შემდეგ აღარ ვყოფილვარ. განსაცდელების დროს ვეძებთ და როგორც კი ახალ კაბებს, სამსახურებს, ბინებს და მეცამეტე ხელფასს ავიღებთ, სრულიად გვავიწყდება მისი არსებობა.
მიყურებდა ღმერთი და შიშის და დაკარგული ცხოვრების ნარჩენებიდან, მიწის ახალ ნაჭერს სპეციალურად ჩემთვის ზელდა. თიხის ახალი ვერსიისგან საკუთარი თავის სხვა ვერსიას ქმნიდა.
აგუნდავებდა ღმერთი თიხის ახალ გორგალს და მძერწავდა თავიდან. გაქრა ჩემგან სიძულვილი, ამპარტავნება, პატივმოყვარეობა, მრისხანება და ზიზღი… დედიშობილა გრძნობით ვიწყებდი ზრდასრული ცხოვრების სოციალურ გამოღვიძებას.
ვიპოვე საყრდენი და ვაზივით შემოხვევა დავიწყე. ვაზის სამშობლოში გაზრდილმა, მტევანი ქართველ ხალხად წარმოვიდგინე და მარცვლების შეგროვება დავიწყე. რაც მე მერგება, სხვებსაც ერგებათქო. სხვებმა, რაც მე მერგება ჩემიაო…
მერე, ბუნების კანონი გამახსენდა: ბავშვობაში, დედულეთში ვატარებდი დროს. ვაზის და სტუმრის მოყვარულ ოჯახში ვიზრდებოდი. ვაზის მოვლის წესები კარგად იცოდნენ ჩემებმა. გაფუჭებულ და გასაფუჭებელ ფოთლებს ცნობდნენ…
… ისევ დაბრუნდნენ ამპარტავნება, პატივმოყვარეობა და მრისხანება, ისევ ის გავხდი, რაც ვიყავი. ვიცი, ღმერთი ისევ მიყურებს, ამიტომ დროა ფოთლების ცნობა ვისწავლო.
13.12 2022/იტალია“