საქართველოში ღვინის ამერიკელი პროფესიონალების ტური განხორციელდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში ღვინის ამერიკელი პროფესიონალების ტური განხორციელდა.

სტუმრებს შორის იყვნენ ღვინის თემატიკაზე მომუშავე ჟურნალისტები და მარკეტოლოგები. ტურის მონაწილეები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს  კახეთსა და ქართლში ეწვივნენ, სადაც ქართული ღვინის დაყენების ისტორიას და ტრადიციებს გაეცნენ, ადგილზე დააგემოვნეს როგორც კლასიკური წესით, ასევე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინოები.

ვიზიტს ორგანიზება ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორმა ამერიკულმა მარკეტინგულმა კომპანიამ „Colangelo & Partners” გაუკეთა.

„პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და  ექსპორტის ზრდის შესაძლებლობის გათვალისწინებით, ქართული ღვინის წარდგენა ამერიკელი პროფესიონალების წინაშე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს ქვეყანა წარმოადგენს ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს, სადაც, მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, ექსპორტირებულია ერთ მილიონამდე  ბოთლი  ღვინო, რაც 2%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.  ამერიკის შეერთებულ შტატებში 2021 წელს დაფიქსირდა ქართული ღვინის ექსპორტის ისტორიული მაქსიმუმი, 1 მილიონზე მეტი ბოთლი ღვინო”, – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.