2022 წლის 12 დეკემბერს ბერნის უნივერსიტეტში გაიმართა ქართული სწავლების ინტერდისციპლინარული კურსის – „საქართველო ცივილიზაციათა გზაგასაყარზე“ მე-12 ლექცია, რომელიც მიეძღვნა შუა საუკუნეების საქართველოს მთარგმნელობით ტრადიციას.
ლექციას უძღვებოდა ბერნისა და ფრიბურგის უნივერსიტეტების დოცენტი, ენათმეცნიერი, დოქტორი მანანა ტოფაძე-გოიმანი. ენათმეცნიერმა სტუდენტებს გააცნო ქართული ლიტერატურულ-მთარგმნელობითი ტრადიცია შუა საუკუნეებში. მან ისაუბრა უძველესი ქართული საგანმანათლებლო კერების შესახებ. ლექციაზე განიხილეს ათონის ქართული საღვთისმეტყველო-ლიტერატურული სკოლის, საბაწმინდის ქართული სკრიპტორიუმის, ტაო-კლარჯეთის ქართული მწიგნობრული ცენტრის ტრადიციები. ენათმეცნიერმა ასევე ისაუბრა იერუსალიმის ჯვრის მონასტერსა და პეტრიწონის მონასტერში მოღვაწე მთარგმნელებზე და მათ მთარგმნელობით მემკვიდრეობაზე, სინის მთაზე, წმიდა ეკატერინეს მონასტერსა და ათონის მთაზე დაცულ ხელნაწერებზე. სტუდენტები ასევე გაეცნენ გელათისა და იყალთოს აკადემიების მთარგმნელობით ტრადიციებს.
ინტერდისციპლინარული კურსი გახლავთ შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს, ბერნისა და ფრიბურგის უნივერსიტეტების ჰუმანიტარული ფაკულტეტების ერთობლივი უნიკალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც ქართველი და უცხოელი პროფესორები კითხულობენ ლექციებს საქართველოს ისტორიის, კულტურის, ხელოვნების, ქართული ენისა და დამწერლობის შესახებ.
შემდგომი ლექცია ჩატარდება ორშაბათს, 19 დეკემბერს, 14:15 საათზე, ბერნის უნვერსიტეტში, 023-ე აუდიტორიაში, მისამართზე: Unitobler, Lerchenweg 16, 3012 Bern.