16 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე , ხუთდღიანი საერთაშორისო მასტერკლასი ჩატარდება

კავკასიის გეშტალტთერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის და ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპტთა ასოციაციის და ორგანიზებით, თბილისში, 16 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე, ხუთდღიანი საერთაშორისო მასტერკლასი ჩატარდება თემაზე, “Dsm-5 – ყოვლისმომცველი მიმოხილვა”. მასტერკლასის მუშაობაში ოთხი სხვადასხვა ქვეყნის დარგის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.

საქართველოში მსგავსი მასტერკლასი ფართო აუდიტორიისთვის ამ მასშტაბით პირველად ტარდება!

მასტერკლასს ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მინდია გაბიჩვაძე წარუძღვება. მინდია გაბიჩვაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობს 1992 წლიდან და სპეციალურად ამ მასტერკლასის  ჩასატარებლად ჩამოდის საქართველოში. მინდია გაბიჩვაძე გახლავთ ნეიროფსიქოლოგიური შეფასებისა და დიაგნოსტირების, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ფართო სპექტრის ექსპერტი და სპეციალიზებულია განწყობისა და პიროვნული დარღვევების, ტრავმებისა და ნივთიერებების ბოროტად გამოყენების საკითხებში. ბატონმა მინდიამ, მაგისტრისა და დოქტორის ხარისხი  კლინიკურ ფსიქოლოგიაში მიიღო ამერიკული ფსიქოლოგიური ასოციაციის მიერ აკრედიტებული პროგრამის ფარგლებში. გარდა ამისა, ბატონი მინდია არის ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის პროფესორი კალიფორნიის შტატ მალიბუს პეპერდინის უნივერსიტეტში. ამჟამად ასწავლის ფსიქოფარმაკოლოგიას და ფსიქოლოგიურ შეფასებას. ის არის აგრეთვე, Insight Psychotherapy Group-ის  ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არაკომერციული ამბულატორიული ოფისების თანადამფუძნებელი და კლინიკური დირექტორი სამხრეთ კალიფორნიაში.

ამერიკის ფსიქიატრიული ასოციაციის პუბლიკაცია – „ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელო“, წარმოადგენს ფსიქიკური ჯანმრთელობის სტანდარტს კლინიკოსებისა და მკვლევრებისათვის, ფარმაცევტული კომპანიების, სადაზღვევო კომპანიებისა და პოლიტიკოსებისათვის, მას შემდეგ, რაც 1952 წელს გამოქვეყნდა მისი თავდაპირველი პროექტი. სახელმძღვანელოს მეხუთე გადასინჯვა, მისი არაფორმალური სახელწოდებით ცნობილი – DSM-5, გამოქვეყნდა 2013 წლის მაისში. ქართველ და სპეციალურად ამ მასტერკლასისთვის სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ დარგის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ შესავალს და ყოვლისმომცველ შეხედულებებს DSM-5-თან დაკავშირებით. მონაწილეები მიიღებენ კურსის გაკვეთილების მასალას (PDF) ფორმატში, მონაწილეობას მიიღებენ მრავალ ჯგუფურ აქტივობებში და სავარჯიშოების შესრულებაში, კურსის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

 მასტერკლასის სასწავლო მიზნებია:

  • DSM- ის ისტორიის აღწერა.
  • ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კვებითი დარღვევების ტიპების ახსნა.
  • კულტურული განსხვავებულობის ფონზე კატეგორიების აღწერა.
  • DSM– ის გამოყენების შეზღუდულობის ახსნა კრიმინალისტური მახასიათებლების დროს.