2022 წლის 7 დეკემბერს, ქ. სტამბოლში, მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟორობით, თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართება.
ღონისძიებაზე, რომელზედაც ორკესტრი მაყურებელთა წინაშე თურქ ფლეიტისტ სეფიკა ქუთლუერთან ერთად წარდგება, ვ. ა. მოცარტისა და ა. დვორჟაკის კომპოზიციები შესრულდება.
„აღსანიშნავია, რომ ხსენებული გასტროლის იდეა 2019 წელს, ანკარაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში ორკესტრის მიერ გამართული კონცერტის შემდეგ გაჩნდა, თუმცა, გლობალური პანდემიის გამო, ღონისძიება რამდენჯერმე გადაიდო.
საქართველოს საელჩო მოხარულია, რომ თურქულ აუდიტორიას მიეცემა შესაძლებლობა მოუსმინოს მსოფლიოს მასშტაბით ცნობილ ქართულ სიმფონიურ ორკესტრს, უაღრესად წარმატებული და გამორჩეული ქართველი ხელოვანის, ვახტანგ კახიძის ხელმძღვანელობით”, – ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.