„დღეს ბოროტების დასამარცხებლად სიყვარულით, ქართველ ებრაელთა ლექსიკაში “დანაცვლების” ფორმით მოღწეული – ჩანაცვლების 80 წლის თავია!“- გრიგოლ ფერაძის გარდაცვალებიდან 80 წელი გავიდა და სწორედ ამ თარიღს ეხმიანება ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
ზამთრის ძვალსა და რბილში გამჭოლ სიცივეში, შიმშილით სიკვდილის პირას მყოფი შვილებისთვის მცირედი პურის მიტანისთვის სიკვდილმისჯილ ებრაელ მამასთან ჩვენამდე მოუღწეველ, ჩურჩულით წარმოთქმულ დიალოგს და ალბათ, სიტყვათა პაექრობას მხოლოდ ფანტაზიით თუ წარმოვიდგენთ, მაგრამ ერთმა, აშკარად დაბეჯითებით და უკიდეგანო სიყვარულით ნათქვამმა სიტყვამ სძლია – “გენაცვლებიო”, ეტყოდა და ებრაელთა დახმარებისთვის მსჯავრდადებული, ნელი წამებით მომაკვდინებელი გაზის საკნისკენ მიმავალ, ყინვისგან ტალახშეყინულ ბილიკს შეუდგებოდა.
მხოლოდ წარმოსახვა შეიძლება იმ მძიმე ტანჯვის და წამების, რაც მილიონობით ებრაელმა სიცოცხლის ბოლო საათებში, წუთებსა და წამებში განიცადა! მძლავრი, მასობრივი და თითქოს დაუმარცხებელი უსამართლობის, ზიზღის და დაუნდობლობის დამარცხება ერთის წრფელმა სიყვარულმა შეძლო!
დღეს ბოროტების დასამარცხებლად სიყვარულით, ქართველ ებრაელთა ლექსიკაში “დანაცვლების” ფორმით მოღწეული – ჩანაცვლების 80 წლის თავია!
წმინდა მოწამე მამა გრიგოლ ფერაძის მარადისობასთან შეერთების დღეა!
8 წლით ადრე ისრაელის წმინდა მიწაზე იმოგზაურა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშები აღწერა. ჩაწერილი დღიურებით კი – წარსულზე და აწმყოზე სევდა, ხოლო მომავალზე – იმედები გაგვიზიარა.
დღიურები 2016 წელს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდი – Foundation of Patriarch of All Georgia ძალისხმევით, ჩვენი ძვირფასი ქალბატონი თამილა მგალობლიშვილის თაოსნობით, კომპანია Global Art და ქართველი ებრაელი, ბატონი დავით იაკობაშვილის ფინანსური შემწეობით გამოიცა.
სულ ცოტა ხნის წინ, ამ დღიურების რუსულენოვანი თარგმანი გამოიცა და ისრაელის რუსული ენის მცოდნე მოსახლეობას, საშუალება ექნება – იერუსალიმში ძლიერი ქართული კვალის შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღოს.”