26, 27 და 28 ნოემბერს საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი “ოქროს პეპელა 2022” გაიმართება

26, 27 და 28 ნოემბერს, თბილისში, რიგით მე – 12 საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი “ოქროს პეპელა 2022” გაიმართება. ფესტივალის სლოგანია – “დაიჭირე პეპელა” ანუ აიხდინე ოცნება.

ფესტივალში მონაწილეობენ 20 წლამდე ასაკის მოზარდები და ახალგაზრდები, რომელთაც 15 ნოემბრამდე უნდა წარედგინათ ნებისმიერ თემაზე გადაღებული, 7 წუთამდე ქრონომეტრაჟის მხატვრული, დოკუმენტური, ან ანიმაციური ფილმი (ინგლისური სუბტიტრებით). ფილმის ვიზუალური ხარისხი (ფორმატი) შეუზღუდავი იყო. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს უნდა შეევსოთ სააპლიკაციო ფორმა და აეტვირთათ ფილმი ელექტრონულ მისამართზე oqrospepela@gmail.com. საფესტივალო (საკონკურსო) ფილმები სასელექციო ჯგუფმა და ჟიურიმ შეარჩია.

წელს, ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობენ მოზარდები : ბელგიიდან, ბოსნია – ჰერცეგოვინადან, პოლონეთიდან, ნიდერლანდებიდან, ესპანეთიდან, ბულგარეთიდან, ფინეთიდან, ტაჯიკეთიდან, საბერძნეთიდან და საქართველოდან(თბილისიდან, ადიგენიდან, ჩხოროწყუდან, ფოთიდან, ონიდან, სამტრედიიდან, ლანჩხუთიდან, ზუგდიდიდან, ჩოხატაურიდან, საგარეჯოდან, ურეკიდან, სოფელ ჯვარიდან, საჩხერიდან).

საფესტივალო პროგრამა და ფორმატი – პირველი დღე (26 ნოემბერი, შაბათი)

10:00 – ფესტივალის გახსნა ( თბილისი, „ევროპული სკოლა“ მის. ი. სხირტლაძის #2)

10:30 – მსოფლიო კინემატოგრაფის და ქართული კინოს ღირსშესანიშნავი თარიღები (ვორქშოპი)

11:00 – ფილმწარმოების საფუძვლები (ვორქშოპი)

11:30 – 12:00 ანიმაციის საფუძვლები (ვორქშოპი)

12:00 – 16:00 საკონკურსო ფილმების ონლაინ ჩვენებები

მეორე დღე (27 ნოემბერი, კვირა)

10:00 – 18:00 ექსკურსია ნატო ვაჩნაძის სახლ – მუზეუმში (გურჯაანი)

13:00 – 14:00 ვორქშოპი „პრაქტიკული გადაღებები“ (გურჯაანი)

მესამე დღე (28 ნოემბერი, ორშაბათი)

10:00 – 12:00 ფესტივალზე შექმნილი ფილმების ონლაინ ჩვენება – შეფასება

17:00 – 18:00 ფესტივალის საზეიმო დახურვა (თბილისი, კინოსტუდია „ქართული ფილმი“)

გამარჯვებულები გამოვლინდებიან 9 ნომინაციაში:

  1. საუკეთესო რეჟისურა
  2. საუკეთესო სცენარი
  3. საუკეთესო იდეა
  4. საუკეთესო მსახიობი გოგონა
  5. საუკეთესო მსახიობი ბიჭი
  6. საუკეთესო ოპერატორი
  7. საუკეთესო მონტაჟი
  8. საუკეთესო დოკუმენტური ფილმი
  9. საუკეთესო ანიმაციური ფილმი

ფესტივალის მთავარი პრიზი “ოქროს პეპელა” 2022 წლის საუკეთესო ფილმს გადაეცემა!

ფესტივალის ყველა მონაწილე დაჯილდოვდება დიპლომებით და სერტიფიკატებით.

საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ოქროს პეპელა დაარსდა 2011 წლის 1 ივნისს თბილისის “ევროპული სკოლის” საბავშვო – სატელევიზიო სტუდიის ბაზაზე. ფესტივალის  დამფუძნებელი და ორგანიზატორია შ.პ.ს კომპანია ოქროს პეპელა, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კულტურულ – საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების ორგანიზება.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია, კინოსტუდია “ქართული ფილმი”, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ევროპის საბავშვო ფილმების ასოციაცია ECFA და თბილისის “ევროპული სკოლა”.

2011 წლიდან 2022 წლამდე 11 ფესტივალი ჩატარდა, რომელშიც 2700 მოზარდი მონაწილეობდა, აქედან 1200 მონაწილე უცხოეთიდან იყო. დღემდე ფესტივალში მონაწილეობდა: ევროპის 22 ქვეყნის წარმომადგენელი, მოზარდები აზიის 12 ქვეყნიდან, სამხრეთ ამერიკიდან (2 ქვეყანა), ჩრდილოეთ ამერიკიდან (2 ქვეყანა) და საქართველოს ყველა კუთხიდან.