1921 წლის 18 ნოემბერს დაიბადა მე-20 საუკუნის ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, მწერალი, „დათა თუთაშხიას“ ავტორი, ნობელის პრემიის ნომინანტი, სიცოცხლის ბოლო წლებში კი ბერი დავითი – მზეჭაბუკ (ჭაბუა ) ამირეჯიბი, რომელიც 16 წელი იყო პატიმრობაში და საერთო ჯამში იქ 84 წელი უნდა გაეტარებინა, თუმცა მალევე დაუბრუნდა თავისუფლებას, რომლისთვისაც ბრძოლამ საპატიმროში ამოაყოფინა თავი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცულია ჭაბუა ამირეჯიბის სისხლის სამართლის ვრცელი საქმე. 1943 წელს, უნივერსიტეტში სწავლისას ახალგაზრდა ჭაბუა თანამოაზრეებთან ერთად დააკავეს. მასთან ერთად დააკავეს მისი მეგობარი და თანამებრძოლი მუსტაფა შელია. შელიამ დაკავების მცდელობისას შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს, იგი მძიმედ დაიჭრა და საავადმყოფოში გარდაიცვალა. 1943 წლის 26 ოქტომბერს დაპატიმრებულ ჭაბუა ამირეჯიბს ბრალი 29 დეკემბერს წარუდგინეს. მას ბრალად ედებოდა არალეგალური, ნაციონალისტური დაჯგუფების წევრობა, რომლის მიზანი იყო შეიარაღებული აჯანყების მოწყობა, გერმანიის იმპერიის მხარდაჭერით საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და „დამოუკიდებელი ქართული რესპუბლიკის“ ჩამოყალიბება. არალეგალური ორგანიზაციისთვის და მისი ფუნქციონირებისთვის ამირეჯიბების სახლში ყალბი პურის ტალონები იბეჭდებოდა. ორგანიზაციის წევრები უსმენდნენ გერმანულ რადიო გადაცემებსაც. შელიას დავალებით ჭაბუას უნდა აეწყო რადიომიმღები, რომლის მეშვეობითაც ისინი შეძლებდნენ გერმანელებს დაკონტაქტებოდნენ. მუსტაფა შელია 4 თვის განმავლობაში იმალებოდა ამირეჯიბების სახლში და სწორედ ამის გამო დააპატიმრეს ჭაბუას დედა – მარიამ ამირეჯიბი. ჭაბუა ამირეჯიბის ჩათვლით ამ საქმეზე კიდევ 20 ადამიანი დააკავეს. სამი მთგანი დახვრიტეს, მარიამ ამირეჯიბს 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თავად ჭაბუას კი 25 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.
ჭაბუა ამირეჯიბის ანტისაბჭოთა განწყობის ჩამოყალიბება მამის დაპატიმრების შემდეგ დაიწყო. მის საბრალდებო დასკვნაში ვკითხულობთ: …„ჩემი ანტისაბჭოური განწყობა და მტრული დამოკიდებულება არსებული სისტემისადმი სათავეს იღებს მამაჩემის დაპატიმრების დღიდან, 1938 წლიდან. ამას გარდა, მე ვიყავი სოციალიზმისა და ინტერნაციონალიზმის მოწინააღმდეგე… დამოუკიდებელი საქართველოს მომხრე ვარ. მინდოდა რომ „ქართველ ერს“ ჰქონოდა თვითგამოხატვის უფლება და ვთვლიდი, რომ ეს ყველაფერი საბჭოთა ხელისუფლების დროს არ არსებობდა. ვთვლიდი, რომ ქართული ინტელიგენცია, რომელიც ჩემი აზრით მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენს, გულის სიღრმეში არ შერიგებია და არ შეერთებია საბჭოთა ხელისუფლებას. „მე საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგი ვიყავი… და უპირატესად მიმაჩნდა საზოგადოებრივი ურთიერთობის საფუძველში დამენახა წარმოების საშუალებებსა და იარაღზე დაფუძნებული კერძო საკუთრება“.
1944 წლის აპრილში მწერალს მიესაჯა 25 წლით პატიმრობა. პროკურორის მიერ განაჩენის გასაჩივრების შემდეგ მოსამართლემ ის ლმობიერად ჩათვალა და შეცვალა უმაღლესი ზომით – დახვრეტით. სამი თვე მწერალი სიკვდილმისჯილთა საკანში იჯდა. პატიმრობის 16 წელი გაატარა ყარაღანდის, მოლდავეთის, ტაიმირის ნახევარკუნძულის, აღმოსავლეთ ციმბირის და შორეული აღმოსავლეთის სხვადასხვა ბანაკებში. ჭაბუა ამირეჯიბი გადასახლებიდან 1959 წელს დაბრუნდა.
წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი