საქართველოს ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ და საელჩოს თანამშრომელმა, დავით გოგინაშვილმა ქალაქ კობეში არსებულ “Kobe Gakuin University”-ში საქართველოს შესახებ ლექცია წაიკითხეს.
ლექცია ონლაინ რეჟიმში გადაიცემოდა სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. შესაბამისად აუდიტორიაში მყოფი სტუდენტების გარდა, საერთო ჯამში, მსმენელთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა. საუბარი შეეხო საქართველოს ისტორიას, კულტურას, იაპონიასთან ორმხრივ ურთიერთობებს და ზოგადად იაპონიაში საქართველოს საელჩოს საქმიანობას. რის შემდეგაც სტუდენტებსა და საელჩოს წარმომადგენლებს შორის ინტერაქტიური კითხვა-პასუხი გაიმართა.
ლექციის შემდეგ აღნიშნული უნივერსიტეტის პროფესორის, ბ-ნ იოშიჰიკო ოკაბეს ინიციატივით, თეიმურაზ ლეჟავას მოწვეული პროფესორის, ხოლო დავით გოგინაშვილს მოწვეული ასოცირებული პროფესორის წოდება მიენიჭათ.
ელჩმა ასევე შეხვედრა გამართა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ მეგუმი ნაკამურასთან და ხელმძღვანელობის სხვა წევრებთან. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ პროფესორი ნაკამურა, ისევე როგორც აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორი, პროფესორი ოკაბე, საელჩოს ინიციატივით დაარსებულ თამადათა კლუბში, საპატიო თამადის სტატუსით გაერთიანდებიან.
ასევე ხაზგასასმელია, რომ უნივერსიტეტის კაფეტერიამ საქართველოს შესახებ ჩატარებული ლექციის აღსანიშნავად მენიუში ქართული კერძი, შქმერული დაამატა.