ჩრდილოეთ ამერიკაში ქართული ეპარქიის სამღვდელო დასმა რუსეთ-უკრაინის ომის დროს დაზარალებული უკრაინელი ხალხის დასახმარებლად თანხა გადარიცხა

ჩრდილოეთ ამერიკაში ქართული ეპარქიის ინფორმაციით, ეპარქიის სამღვდელო დასმა, მრევლის აქტიური მონაწილეობითა და ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის, ეპისკოპოს საბას ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით შეაგროვა გარკვეული ოდენობის თანხა, რომელიც გადაერიცხა უკრაინის ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას, რათა გამოეყენებინათ ეს თანხა, რუსეთ-უკრაინის ომის დროს დაზარალებული უკრაინელი ხალხის დასახმარებლად.

„ჩვენი ეპარქიის მიერ შეგრევბული თანხა ოფიციალურად გადაერიცხა უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესიის სამიტროპოლიტოს ადმინისტრაციას, რომელიც კიევის უნეტარესი მიტროპოლიტი ეპიფანეს ლოცვა-კურთხევით გადაეცა ყველაზე მეტად დაზარალებულ ეპარქიას მთელ უკრაინაში, მარიუპოლის სამიტროპოლიტოს. (უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესია)“, – ნათქვამია ჩრდილოეთ ამერიკაში ქართული ეპარქიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნულის შესახებ უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესიის მღვდელმთავარი,  მიტროპოლიტი მარიუპოლისა და დონეცკისა, მაღალყოვლადუსამღვდელოესი სერგი საჯარო განცხადებას ავრცელებს:

“კეთილად შეძრული ვართ იმ მხარდაჭერითა და მატერიალური დახმარებით, რომელიც ჩვენმა იძულებით გადაადგილებულმა და დაზარალებულმა ხალხმა მიიღო უნეტარესი მიტროპოლიტი ეპიფანეს კურთხევით, რომელიც [უკრაინის ეკლესიას] გადაეცა საქართველოს საპატრიარქოს, ჩრდილოეთ ამერიკის ქართული ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის, ეპისკოპოს საბასგან (ინწკირველი). ქართველმა ხალხმა, ვინც თავად განიცადა რუსული აგრესია, ჩვენმა მორწმუნე ძმებმა, კვლავ დაამოწმა თავიანთი სიყვარული და თანადგომა – ღმერთმა დალოცოს ისინი ამ კეთილი საქმისთვის!

ერთად გამარჯვებისკენ!!!” – განაცხადა მიტროპოლიტმა სერგიმ. (უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესიის მღვდელმთავარი ქალაქ მარიუპოლში).