ეროვნულმა ბანკმა საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის ხელნაწერი გააციფრულა

ეროვნულმა ბანკმა საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის ხელნაწერი გააციფრულა. იასონ ლორთქიფანიძის შრიფტის გამოყენება შესაძლებელია როგორც გრაფიკულ ( Adobe Photoshop, InDesign, Illustrator ), ისე საოფისე (MS Office) პროგრამებში. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

იასონ ლორთქიფანიძის წვლილი განსაკუთრებულია არა მხოლოდ ცენტრალური ბანკის ჩამოყალიბების, არამედ სხვა არაერთ ეროვნულ საქმეში. სწორედ იასონის თაოსნობით მოიძიეს განჯაში ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავის ადგილსამყოფელი და სხვა სახელმწიფო მოღვაწეებთან ერთად, მისი დამსახურებაცაა, რომ ბარათაშვილის ნეშტი 1893 წელს სამშობლოს დაუბრუნდა. იასონ ლორთქიფანიძე, ასევე, იყო ქართული უნივერსიტეტის დამაარსებელი კომისიის წევრი და ამ კომისიის საფინანსო ნაწილის ხელმძღვანელი. 1922 – 1927 წლებში კი, ქართველთა შორის წერა – კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ხელმძღვანელობდა.

აღსანიშნავია, რომ 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერთა შორის იასონ ლორთქიფანიძეც იყო.