11-13 ნოემბერს, სტოკჰოლმის საგამოფენო ცენტრში ნორდიული რეგიონის ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენა Stockholm Food and Wine იმართება, რომელშიც საქართველოს საელჩოს ინიციატივით და ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, ქართული ღვინის მწარმოებელი შვიდი კომპანია იღებს მონაწილეობას.
სამდღიან გამოფენას 40 ათასზე მეტი სტუმარი ეყოლება, რომელთა დიდი ნაწილი შვედეთში ღვინის და საკვების იმპორტით არის დაკავებული, რაც კომპანიებს საქმიანი ურთიერთობების და ახალი კონტაქტების დამყარების საუკეთესო საშუალებას აძლევს. აღსანიშნავია, რომ ქართულმა ღვინომ დამთვალიერებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.