ოქტომბრის ბოლოს, პარიზის ლუვრის სამუზეუმო კომპლექსის გალერეაში – “CARROUSEL DU LOUVRE” გაიხსნა საერთაშორისო გამოფენა – “ART SHOPPING”, სადაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან მოწვეული იყვნენ გალერისტები, ხელოვანები და მხატვრები. მათ შორის, მონაწილეობა მიიღო ექვსმა ქართველმა ხელოვანმა პროექტით – „GEORGIAN ARTISTS IN PARIS 2022”.
ინდივიდუალური სტილის სხვადასხვა ტექნიკაში მომუშავე მხატვრები: ინგა გაბაშვილი, ლელა ტაბლიაშვილი, მანანა სუხიტაშვილი, ეკა ეგაძე, ქეთი შალამბერიძე და ირინა ჯაფარიძე ერთ სივრცეში იყვნენ წარმოდგენილი, სადაც გამოფენილი იყო 50 -მდე საშუალო და პატარა ზომის ნამუშევრები.
სივრცემ, ქართული დროშით, დიდი ინტერესი გამოიწვია, დამთვალიერებლების ნაკადი სამი დღის განმავლობაში არ წყდებოდა.
„მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ იქ იმყოფებოდა, ფაქტობრივად, ამ სფეროში მოღვაწე ყველა მნიშვნელოვანი ადამიანი: კურატორები, მუზეუმის დირექტორები, პრესა, რამაც სხვა საერთაშორისო გამოფენებსა და ბიენალეებზე მიწვევის შესაძლებლობა გააჩინა, რაც შეიძლება ფართოდ გავიდეს საქართველოს კულტურა საზღვრებს გარეთ და მეტმა ქვეყანამ გაიგოს ჩვენ შესახებ, რის იმედსაც ჩვენდამი გამოხატული დიდი ინტერესი გვაძლევს“, – განუცხადა „კვირას“ ლელა ტაბლიაშვილმა.
გამოფენის გახსნას დაესწრნენ: საქართველოს საელჩოს თანამშრომლები და ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბექა მაკარიძე ოჯახით, აგრეთვე საქართველოს სათვისტომოს თავმჯდომარე, ოთარ ზურაბიშვილი მეუღლესთან ერთად, გენერალ გიორგი კვინიტაძის შთამომავალი, მერაბ ოდიშელიძე ოჯახით, ანი ლაღიძე შვილთან ერთად და ქართული დიასპორის ბევრი სხვა წარმომადგენელი ოჯახებით.
გარდა გამოფენისა, გაიმართა ერთობლივი ვორკშოპები აზერბაიჯანელ მხატვრებთან ერთად, რომელსაც ხელმძღვანელობდა აზერბაიჯანის დამსახურებული მხატვარი ასმარ ნარიმანბეკოვა თავის გალერეაში „ASMARART”.
წყარო: მედიაჰოლდინგი “კვირა