8-10 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, იუნესკოს მშვიდობის ელჩი ელისო ბოლქვაძე ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკის გლობალურ ფორუმზე, სახელწოდებით – „ლიდერი ქალები” – ისლანდიის მთავრობისა და პარლამენტის ოფიციალური მიწვევით, საპატიო სპიკერის რანგში წარდგება. ფორუმის თემაა „Power Together” (ძალა ერთობაშია), რომლის მიზანიც სხვადასხვა სექტორების, ინდივიდებისა და ხელოვნების წარმომადგენლებს შორის მჭიდრო პარტნიორობაზე ფოკუსირებაა.
გაიგეთ უფრო მეტი ფორუმის შესახებ: https://reykjavikforum.global/past-forums/?fbclid=IwAR295OqRPhWI8CEXa_Pt9q-r8lJruTu9LMz79La_dNBMKwUowR5cB9hqByw
ფორუმის ფარგლებში, ელისო ბოლქვაძე ხელოვნების მნიშვნელობასა და თანამედროვე საზოგადოებაში კოვიდ პანდემიით გამოწვეული პრობლემების გავლენაზე ისაუბრებს.
„ვიზიტი რეიკიავიკის გლობალურ ფორუმზე ჩემთვის მრავალმხრივ მნიშვნელოვანია. მტკიცედ ვუჭერ მხარს ქალის როლის გაძლიერებას, როგორც საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ასევე პოლიტიკასა და სხვა წამყვან პოზიციებზე. აღნიშნულ ფორუმზე მსოფლიოს ყველა კუთხიდან იქნებიან წარმოდგენილი ლიდერი ქალები, რომლებსაც საერთაშორისო გავლენები აქვთ. ფორუმზე სპიკერის რანგში ვარ მიწვეული, შესაბამისად მნიშვნელოვან აქცენტებს გავაჟღერებ თანამედროვე საზოგადოებრივ ცხოვრებაში კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელობაზე, ასევე კოვიდ პანდემიით გამოწვეულ სირთულეებზე. მივესალმები ქალის როლის გაძლიერებას საქართველოში. მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყანაში ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. როგორც თქვენთვის ცნობილია, „ქართული ოცნების ორგანიზებით“, შეიქმნა პირველი ქალთა ორგანიზაცია, სადაც ქალებს ახალი შესაძლებლობები ეძლევათ, რათა უფრო აქტიურად ჩაერთონ, როგორც საზოგადოებრივ, ასევე პოლიტიკურ ცხოვრებაში. ვთვლი, რომ ქალური ენერგეტიკა, სხვა ბუნებრივი უნარები და მონაცემები უმნიშვნელოვანესია ჩვენი სოციუმის განვითარებისთვის, სწორედ ამიტომ მსურს გვყავდეს ბევრი დამოუკიდებელი, წარმატებული, მტკიცე ხასიათისა და გადაწყვეტილებების მიმღები ლიდერი ქალი” – აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ.
გლობალური ფორუმი, რომელიც 2018 წლიდან ისლანდიის მთავრობისა და პარლამენტის მასპინძლობით ყოველწლიურად იმართება, რეიკიავიკის ჰარპას სილფურბერის საკონცერტო დარბაზში ჩატარდება.