26 ნოემბერს, გორში, მამაკაცებსა და ქალებში ძიუდოს საკლუბო ჩემპიონთა ლიგა გაიმართება. დღეისთვის, ჩემპიონთა ლიგაზე, 16 ქვეყნის 137 სპორტსმენია რეგისტრირებული, აქედან 60 მამაკაცია, 77 კი ქალი. მათ შორის არიან ისეთი გამორჩეული ძიუდოისტები, როგორიცაა: დავლათ ბობონოვი, მანუელ ლომბარდო, ტედი რინერი, დენის ვიერუ, ნიკოლოზ შერაზადიშვილი, დარია ბილოდიდი და სხვა.
შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებს “გოლდენ გორი”, რომელთა შემადგენლობაც მოგვიანებით გახდება ცნობილი.
2021 წელს ძიუდოისტთა ჩემპიონთა ლიგას პარიზმა უმასპინძლა. შეჯიბრებაში მონაწილეობა ორმა ქართულმა კლუბმა – “გოლდენ გორმა” და “მებრძოლმა” მიიღო. ქართული კლუბები ერთმანეთს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში შეხვდნენ, სადაც გამარჯვება გორელებმა იზეიმეს – 3:2.