ირლანდიაში ქართულმა დიასპორამ, საქართველოს საელჩოს თანაორგანიზებითა და სოლიდარობის ფონდის მხარდაჭერით საქველმოქმედო კონცერტი გამართა

30 ოქტომბერს ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში ჩატარდა მომღერალ ლაშა ღლონტის საქველმოქმედო კონცერტი, სახელწოდებით ”ქართული მუსიკა”.

კონცერტიდან შემოსული თანხა სოლიდარობის ფონდს გადაეცემა და ონკოლოგიურად დაავადებული ბავშვების მკურნალობას მოხმარდება. საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობა მიიღო აგრეთვე ფოლკლორულმა ბენდმა ”კავკასიონი”.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა ირლანდიაში გიორგი ზურაბაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდმა, სოლიდარობის ფონდის დირექტორმა ეკატერინე ფესტვენიძემ, დუბლინის მერის მოადგილემ ჯოანა ტუფიმ და ირლანდიაში ქართული დიასპორის ხელმძღვანელმა ლელა შურუპოვამ.

„ირლანდიაში, დუბლინის ცენტრში, ასობით ჩვენი თანამემამულე შეიკრიბა, რათა მხარდაჭერა გამოუცხადონ სოლიდარობის ფონდს, ჩვენს პატარა თანამემამულეებს და თანადგომა გამოხატონ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მძიმე დაავადებას ებრძვიან.

მართალია, ქართული დიასპორისთვის ქველმოქმედება უცხო არ არის, მაგრამ ამ ფორმითა და ასეთი ჩართულობით, შეიძლება ითქვას, რომ ეს უპრეცედენტო ღონისძიებაა. დიდი იმედი გვაქვს, რომ ირლანდიაში ქართულ დიასპორას ჩვენი სხვა სათვისტომოებიც მიჰბაძავენ ” – აღნიშნა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

ღონისძიება სოლიდარობის ფონდის დირექტორმაც შეაფასა: „ქართული დიასპორა გაერთიანდა ისეთი უმნიშვნელოვანესი საერთო მიზნის ირგვლივ, როგორიცაა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდაჭერა სოლიდარობის ფონდის მეშვეობით. ფონდი არაერთი წელია საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და აქამდე ძირითადად საქართველოში მცხოვრებ პირთა ქველმოქმედებას ეყრდნობოდა. ახალი კი შეიქმნა ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი პრეცედენტი, ვინაიდან ეს ქველმოქმედება საქართველოს საზღვრებს გასცდა. ირლანდიაში ქართულმა დიასპორამ ნათლად აჩვენა, რომ მზადაა მხარი დაუჭიროს თავის თანამემამულეებს საქართველოში და იმ ბავშვებს, რომლებიც დღეს ძალიან რთულ გზას გადიან,” – განაცხადა ეკატერინე ფესტვენიძემ.

წყარო: კვირა