დურესში, 20 და 23-წლამდელ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს გოგონათა და ვაჟთა ნაკრების წარმომადგენლები წარმატებით აგრძელებენ გამოსვლას.
საუკეთესო შედეგით დაასრულა შეჯიბრება ირაკლი ჩხეიძემ (102 კგ). 23-წლამდელებში მოასპარეზე მომავალმა ჩემპიონმა ატაცში 165 კილოგრამით ოქროს მედალი მოიპოვა. საუკეთესო იყო აკვრაშიც, სადაც 216 კილოგრამი დაიმორჩილა, პარალელურად ევროპის რეკორდი ერთი კილოგრამითაც გააუმჯობესა და ორივე მოძრაობაში დაგროვილი 381 კილოგრამით ორჭიდშიც გაიმარჯვა.
კვარცხლბეკის პირველ საფეხურამდე ნაბიჯი დააკლდა ნათია გადელიას (87 კგ). გოგონათა ნაკრების წევრმა 20-წლამდელთა შორის ატაცში 94 კილოგრამი დაძლია, აკვრაში – 115 კილოგრამი და ორივე შემთხვევაში, ვერცხლის მედლები ერგო. ასევე ვერცხლის მედალი მოიპოვა ორჭიდში დაგროვილი 209 კილოგრამითაც.
20-წლამდელებში ატაცში (153 კგ) დაკავებული მესამე ადგილით საქართველოს ნაკრების წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა გურამ ვეკუამაც (102 კგ).
ერთი დღით ადრე მარიამ მურღვლიანმა (81 კგ) 20-წლამდელებში ატაცში დაძლეული 94 კილოგრამით მეორე ადგილი დაიკავა, აკვრაში 107 კილოგრამით მეხუთე ადგილზე გავიდა, ორჭიდის ჯამში დაგროვილი 201 კილოგრამით კი სამეულში შევიდა და ბრინჯაოს მედლით დაასრულა ასპარეზობა.
აღსანიშნავია, რომ მურღვლიანი 5 წლით უფროსებში გამოდიოდა.
23-წლამდელებში ასევე შედეგიანი გამოსვლა ჰქონდა ირაკლი გობეჯიშვილსაც (96 კგ). პირველ მოძრაობაში – ატაცში 160 კილოგრამი დაიმორჩილა და ვერცხლის მედალი ერგო, აკვრაში დაძლეული 195 კილოგრამითაც ვერცხლის მედალი დაიმსახურა, ასეთივე სინჯის მედალი მოიპოვა ორჭიდში, რამაც ჯამში 354 კილოგრამი შეადგინა.