„მთავარია ვიპოვე და ხელს აღარასდროს გავუშვებთ ერთმანეთს“ – ქართველმა ემიგრანტმა ქეთი ნოგიევამ და იპოვა

ქეთი ჯადოსნური სამყაროდან – ასე აღწერს ქართველი ემიგრანტი, ჟურნალისტი და ბლოგერი ქეთი ნოგიევა თავის ცხოვრებას. 26 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი თავგადასავალი გადახდა და ამბობს, რომ მის ისტორიებზე ფილმის გადაღებაცაა შესაძლებელი.

დღეს მისი სიურპრიზებით აღსავსე ცხოვრების ერთ ეპიზოდზე გიამბობთ, თუმცა, მანამდე  გვინდა შემოგთავაზოთ ქეთის პოსტი, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:

„იცოდეთ, რომ ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე. ამის ნათელი მაგალითი მე გახლავართ.

არ ვიცი რატომ, მაგრამ ბავშვობიდან წლების მანძილზე გადაცემა “Жди меня’’-ს ვუყურებდი, ახლახან გამოჩნდა გადაცემა “ვეძებ”, რომელსაც აგრეთვე აქტიურად ვადევნებდი თვალს. ყოველთვის გულთან ახლოს მიმქონდა ყველა ოჯახის  ისტორიები, ვერასდროს წარმომედგინა, რომ ერთ-ერთი გმირი თავადაც გავხდებოდი.

დედით ქართველი ვარ, მამა ეროვნებით აზერბაიჯანელი. დავიბადე რუსეთში. 2 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და მას შემდეგ მე და დედა საქართველოში გადმოვედით საცხოვრებლად. 19 წლის ასაკში დამეღუპა დედა და დავრჩი მარტო. დედამ მეორედ არ დაოჯახდა.

2 თვის წინ, სრულიად შემთხვევით შევიტყვე, რომ მყავს 23 წლის და ლეილა(მამის) მხრიდან. მეც რა თქმა უნდა სიხარულით დავიწყე მისი ძიება.

ჩემი ძალებით ძებნა უშედეგო აღმოჩნდა. ძალიან ბევრი ადამიანისგან მივიღე რეკომენდაცია მიმემართა ქალბატონი გალინა სოხაძესთვის. ვერც კი წარმომედგინა, რომ 1 დღეში შესაძლებელი იყო გვეპოვა და გავსულიყავით მასთან კონტაქტზე. როდესაც ქალბატონმა გალინამ მომწერა მეორე დღეს, რომ და მიპოვა, თვალებს არ ვუჯერებდი. ის ატარებს მეუღლის გვარს და შესაბამისად მისი ძებნა არც თუ ისე მარტივი იყო.

მე და ჩემი დის პირველი ვიდეო ზარი გუშინ შედგა ვოთსაფის მეშვეობით, ვიმედოვნებ, რომ ჩვენი შეხვედრაც მალე მოხდება ❤️ ეს არის სასწაული გრძნობა, ენით აღუწერელი.

მე იტალიაში ვიმყოფები, ის კი რუსეთში. ჩვენს შეხვედრას ბევრი დაბრკოლება ელის, თუმცა მთავარია ერთმანეთი ვიპოვეთ  და დანარჩენიც უფლის ნებაა🫶🥂

არასდროს დანებდეთ, იბრძოლეთ ბოლომდე, თუ კი ეძებთ აუცილებლად იპოვით.“

– ქეთი 26 წელი იცოდი, რომ დედისერთა იყავი და უცებ ცხოვრებამ საოცარი საჩუქარი გაგიკეთათ…

– საოცრება არ არის? როდესაც დედა დამეღუპა, მაშინ კიდევ ერთხელ გავიაზრე, თუ რამდენად სიცარიელეს გრძნობ ადამიანი, როცა მარტო ხარ და არ გყავს დედმამიშვილი და ასეთ დროს მამის დედმამიშვილებისგან(მამასთან აქამდე არ მქონდა ურთიერთობა) სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ მყავს 23 წლის და ლეილა, რომელიც რუსეთში ცხოვრობს და არც მან იცის ჩემს შესახებ. მისი მოძებნა მხოლოდ სახელი და გვარით შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჩემი და მეუღლის გვარს ატარებს. ჯგუფში “ვეძებ” გამოვაქვეყნე პოსტი, სადაც დავწერე ჩემი ისტორია, მირჩიეს რომ მიმემართა ერთი ქალბატონისთვის, რომელიც რუსულ გადაცემა “ Жди меня’’-ს ერთ-ერთი ასისტენტი გახლავთ. როგორც კი ამ ქალბატონს დავუკავშირდი, მან 1 დღეში მოახერხა დის პოვნა და დავრჩი განცვიფრებული.

– როგორი იყო თქვენი პირველი შეხვედრა?

– ჩვენი პირველი ვიდეო ჩართვა იყო ცოტა უცნაური. ორივე დავიბენით, არც კი ვიცოდით რა უნდა გვეკითხა ერთმანეთისთვის. საკუთარ თვალებს არ ვუჯერებდი, რადგან საოცრად მგავს თვალებით, ტუჩებით და იერით. ახლა გაცნობის ეტაპი გვაქვს და მოუთმენლად ველოდებით შეხვედრის მომენტს. ორივეს ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. არც მას და არც მე, დედმამიშვილი არ გვყავდა, ახლა კი ერთმანეთი შევიძინეთ. ამაზე დიდი ბედნიერება, ამაზე დიდი საჩუქარი რა უნდა მოევლინა უფალს.

– იმედია მალე შეხვდებით ერთმანეთს…

მე ახლა იტალიაში ვიმყოფები, ის რუსეთში. ალბათ ხვდებით, ამ ეტაპზე რამდენად რთული იქნება ჩვენი შეხვედრა. გააზრებული გვაქვს, რომ წინ დაბრკოლებები გველის, მაგრამ მთავარია ერთმანეთი ვიპოვეთ და ხელს აღარასდროს გავუშვებთ ერთმანეთს.

ქეთისთან საუბრის შემდეგ “ქარული კვირა” მის დას – ლეილა ნოგიევას დაუკავშირდა და გაესაუბრა.