ტოკიოს ბლოქჩეინ ტექნოლოგიის ღონისძიებებისთვის განკუთვნილ სივრცეში „CryptoBase“ გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც მონაწილეები გაეცნენ ქართულ NFT კოლექციას, სახელწოდებით „supra3.0“.
პრესკონფერენციას 10-მდე მედიის წარმომადგენელი დაესწრო.
Supra3.0 საქართველოს ელჩის თეიმურაზ ლეჟავას მიერ შექმნილი 5000 NFT ნამუშევრისგან შედგება და მიზნად ისახავს, საქართველოთი დაინტერესებულ იაპონელ საზოგადოებას ქართული კულტურის ელემენტებით დატვირთული NFT ნამუშევრები შესთავაზოს. ხაზგასასმელია, რომ „Supra3.0“ ქართული ტრადიციების, კულტურისა და ისტორიის თემატიკაზე შექმნილ პირველ NFT კოლექციას წარმოადგენს.
NFT-ს მფლობელებს საქართველოში ვიზიტისას ექსკლუზიურ სერვისებზე წვდომა მიეცემათ, რასაც აღნიშნულ პროექტში გაერთიანებული 20-ზე მეტი ქართული კომპანია უზრუნველყოფს, რომლებიც თავის მხრივ საქართველოს ტურიზმის, კულინარიისა და მოდის ინდუსტრიებს წარმოადგენენ.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება „იაპონიის ბლოქჩეინ ასოციაციის“ მხარდაჭერით განხორციელდა. ხოლო, მომხსენებელი, თეიმურაზ ლეჟავასთან ერთად, იაპონიის უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟის „Bitfury“ დამფუძნებელი იუძო კანო იყო.
პრესკონფერენციაზე სიტყვით ასევე გამოვიდა ქართული კომპანიის „Echolize“-ს დამფუძნებელი გიორგი თუშურაშვილი, რომელიც აღნიშნულ კოლექციას ტექნოლოგიური მიმართულებით მხარდაჭერას უწევს.
supra3.0 ქართველი გრაფიკული დიზაინერის, თამარ ჩეკურიშვილის მონაწილეობით არის შექმნილი.
ღონისძიება იაპონურ ენაზე გაიმართა.