22 სექტემბერს, Brooklyn Borough Hall-ში გაიმართა ქართულ-ამერიკული მემკვიდრეობის დღე, რომელიც 2019 წელს, ნიუ – იორკის მერმა ბატონმა ერიკ ადამსმა და “დიანა ბაგრატიონის ფონდის” დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ქალბატონმა დიანა ბაგრატიონმა დააარსეს.
პანდემიის შემდეგ, პირველად ჩატარდა ასეთი მასშტაბის ღონისძიება, რომელსაც ბრუკლინის ადმინისტრაციამ უმასპინძლა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ბრუკლინის პრეზიდენტმა – ანტონიო რეინოზომ (Antonio Reynoso), პარლამებტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ, ნიუ-იორკის საკრებულოს დეპუტატმა არი ქეგანმა (Ari Kagan) და დიანა ბაგრატიონმა.
ანტონიო რეინოზომ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს და სრულიად ქართველ ხალხს მადლობა გადაუხადა კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. მისი განცხადებით, ქართველი და ამერიკელი ხალხის მეგობრობას ალტერნატივა არ აქვს. ანტონიო რეინოსომ, ასევე, ისაუბრა იმ შთაბეჭდილებაზე, რომელიც მას ქართული კულტურის გაცნობის და ქართველთა მხრიდან თბილი დამოკიდებულების შემდეგ შეექმნა. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს დღე დასამახსოვრებელი თარიღია ქვეყნის ისტორიისთვის.
ბატონმა ანტონიომ ამერიკაში მცხოვრები წარმატებული ქართველი ემიგრანტები მერაბ კრიხელი, გრიგოლ ადეიშვილი და ალექსანდრე თორელი დააჯილდოვა.
საქართველო-ამერიკის მეგობრობის ნიშნად ცნობილმა, ქართველმა მხატვარმა, ქალბატონმა ლელა ქართველმა ბრუკლინის მერს თავისი ნახატი “მეგობრობა” (friendship) გადასცა.
ნახატში “friendship”(რომლის დასათაურებაში დიანა ბაგრატიონი მონაწილეობდა), ამერიკის სიმბოლოს „თავისუფლების ქანდაკებას” და საქართველოს სიმბოლოს “ქართლის დედას”, მეგობრობის ნიშნად, ალექსანდრე ქართველის მიერ შექმნილი ლეგენდარული თვითმფრინავი p-47 აერთიანებს.
საქართველოს და ამერიკის სახელმწიფო ჰიმნები ცნობილმა მომღერალმა ნინი შერმადინმა იმღერა, ასევე შესრულდა ქართული ცეკვები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართული დიასპორის თვალსაჩინო წარმომადგენლები: ცნობილი პროდიუსერი დიმიტრი მანუელი(ჩხეიძე), ნიკოლოზ ჩხეიძე, ირაკლი შარაძე, თეა კანდელაკი, ინა ასანიძე, ირინა ხუცურაული, შორენა ბარბაქაძე და სხვა დიასპორული ცენტრების ხელმძღვანელები.
ამ დღის პატივსაცემად ბრუკლინის მერიის თავზე ქართული დროშა ფრიალებდა.