ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, დავით ფირცხალავას ფილმის „დიდი შესვენება“ მსოფლიო პრემიერა წარმატებით გაიმართა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე.
ფესტივალის აუდიტორიამ ფილმი უკვე ორჯერ იხილა. წინ კიდევ ერთი ჩვენებაა, რომელსაც საერთაშორისო პრესის წარმომადგენლები დაესწრებიან.
„დიდი შესვენება“ დავით ფირცხალავას სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ 15 სექტემბერს, კომისიის გადაწყვეტილებით, „დიდი შესვენება“ ამერიკის კინოაკადემიის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ნომინაციაზე საქართველოს კანდიდატი ფილმი გახდა.
ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კინოღონისძიებაა, რომელიც კანადაში 1976 წლიდან იმართება. წელს ფესტივალი 8-18 სექტემბერს ტარდება. დავით ფირცხალავას „დიდი შესვენება“ წარმოდგენილია სექციაში „აღმოჩენები“.