წმიდა შუშანიკი ჰერეთის პიტიახშის, ვარსქენის მეუღლე იყო. ქრისტიანულ ოჯახში აღზრდილი დედოფალი ბავშვობიდანვე ღვთის შიშითა და სიყვარულით გამოირჩეოდა.
იმ დროს ქართლში სპარსელები ბატონობდნენ. სპარსეთის სამეფო კართან კეთილი ურთიერთობის დამყარების მიზნით ვარსქენ პიტიახში სპარსეთის მეფეს, პეროზს ეწვია, საკუთარი ნებით უარყო ჭეშმარიტი სარწმუნოება, მაზდეანობა მიიღო და მეფეს დაჰპირდა, როგორც კი ქართლში დავბრუნდები, ჩემს ცოლსა და შვილებსაც ჩემს რჯულს მივაღებინებო.
ქართლს მოახლოებულმა ვარსქენმა მოციქულები გაგზავნა საპიტიახშო ქალაქ ცურტავში, რათა ქვეშევრდომები შესაფერი პატივით მიგეგებოდნენ სამშობლოში დაბრუნებულ პიტიახშს.
სანატრელმა შუშანიკმა, რომელიც ადრევე გრძნობდა მეუღლის გულგრილობას სარწმუნოების მიმართ წინასწარმეტყველივით უთხრა გამოგზავნილებს: „უკუეთუ სულითა ცხოველ არს იგი, ცოცხალმცა ხართ, იგიცა და შენცა. უკუეთუ სულითა მომკუდარ ხართ, მოკითხვაჲ ეგე შენი შენდავე მოიქეცინ“. როცა შუშანიკმა ვარსქენის განდგომა შეიტყო, მიწაზე დაემხო და მწარე ცრემლით გამოიტირა უბადრუკი და ქრისტეს უარმყოფელი ვარსქენი: „საწყალობელ იქმნა უბადრუკი ვარსქენ, რამეთუ უვარ-ყო ჭეშმარიტი ღმერთი და აღიარა ატროშანი და შეერთო იგი უღმრთოთა“. შემდეგ შუშანიკმა დატოვა სასახლე, თან წაიყვანა თავისი ოთხი შვილი და ეკლესიას შეაფარა თავი. მან შვილები საკურთხევლის წინაშე დააყენა და უფალს შეჰღაღადა: „უფალო ღმერთო, შენნი მოცემულნი არიან და შენ დაიცვენ ესენი, განათლებულნი წმიდისაგან ემბაზისა მადლითა სულისა წმიდისაჲთა, ყოფად ერთ სამწყსო ერთისა მწყემსისა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა“.
მწუხრის ლოცვის შემდეგ წმიდა დედოფალმა ეკლესიის მახლობლად მდგომ სახლს მიაშურა, „შევიდა მუნ შინა სიმწრითა სავსჱ და მიეყრდნა ყურესა ერთსა და მწარითა ცრემლითა ტიროდა“.
საღამოს წმიდა შუშანიკი თავისმა მოძღვარმა, იაკობ ხუცესმა მოინახულა. ის აატირა დედოფლის საცოდაობამ და გააფრთხილა სულიერი შვილი: ვარსქენი დაუნდობელია და საშინლად გაგტანჯავს, ამიტომ თუ საკუთარი სიმტკიც იმედი არა გაქვს, სჯობს მოერიდო მასთან შეჯახებასო. ამაზე წმიდა შუშანიკმა უპასუხა: „უმჯობჱს არს ჩემდა ჴელთა მისთაგან სიკუდილი, ვიდრე ჩემი და მისი შეკრებაჲ და წარწყმედაჲ სულისა ჩემისაჲ, რამეთუ მასმიეს მე პავლჱ მოციქულისაგან: „არა დამონებულ არს ძმაჲ გინა დაჲ, არამედ განეყენენ“.
სამი დღის შემდეგ პიტიახშიც ჩამოვიდა ცურტავში. მან მეორე დღესვე იხმო ეპისკოპოსნი და მღვდელნი თავისთან და ლმობიერად უთხრა: „აწ ნუ რას მერიდებით მე ნუცა ღა გძაგ“. მღვდლებმა კი ამხილეს სჯულის უარმყოფელი: „წარსწყმიდე თავი შენი და ჩუენცა წარგუწყმიდენ“. მხილებით გაგულისებულმა ვარსქენმა მეუღლის გადმობირება გადაწყვიტა, მაგრამ შუშანიკმა მწარედ ამხილა და თან მტკიცედ შეუთვალა: „შენ ღმერთი ჭეშმარიტი უვარ-ჰყავ და ცეცხლსა თაყუანის ეც, და ვითარცა შენ შემოქმედი შენი უვარ-ჰყავ, ეგრეცა მე შენ შეურაცხ-გყავ და თუ მრავალი ტანჯვაჲ მოაწიო ჩემ ზედა, მე არა ვეზიარო საქმეთა შენთა“.
ამგვარი პასუხით განრისხებულმა ვარსქენმა თავისი ძმა, ჯოჯიკი და აფოც ეპისკოპოსი გაგზავნა წმიდა შუშანიკის სასახლეში წამოსაყვანად. დედოფალმა შინ დაბრუნებაზე კვლავ უარი განაცხადა. ჯოჯიკმა იცოდა, რომ ვარსქენი მას ძალით მიიყვანდა სასახლეში და სთხოვა, ნებით დაბრუნებულიყო. შუშანიკმა აიღო წმიდა სახარება, წმიდა მოწამეთა წიგნები, მივიდა სასახლეში და იქ ერთ მცირე სენაკში ჩაიკეტა.
ორი დღის შემდეგ ვარსქენი სასახლეში დაბრუნდა და პურის საჭმელად ძმასთან და რძალთან ერთად წმიდა შუშანიკიც მიიწვია. დედოფალს არ სურდა ქრისტეს მოღალატე ქმართან ტრაპეზის გაყოფა, აღარ უნდოდა ქრისტეს მოწამის გვირგვინის გარიდება: მან ჯოჯიკის ცოლს ხელი აუკრა მოწოდებულ ჭიქაზე და ამით კიდევ ერთხელ გამოხატა ქრისტესთვის წამების სურვილი.
გამხეცებულმა ვარსქენმა სასტიკად ცემა მეუღლე. ცოცხალ-მკვდარი შუშანიკი ჯოჯიკმა ძლივს გამოჰგლიჯა მას ხელიდან. პიტიახშმა ბრძანა, შეეკრათ დედოფალი და ბორკილები დაედოთ. შემდეგ, ვარსქენის ბრძანებითვე, ბორკილდადებული დედოფალი სენაკში შეიყვანეს და დარაჯი დაუყენეს.
დილით პიტიახშმა მოინახულა შუშანიკი. შემდეგ მსახურს უბრძანა, არავინ შეეშვა მასთან, თვითონ კი სანადიროდ წავიდა.
შუშანიკის მოძღვარმა მოახერხა დატყვევებულ დედოფალთან შესვლა და როცა მისი ნაწამები სახე იხილა, განცდებს ვეღარ გაუძლო და ხმამაღლა ატირდა. წმიდა შუშანიკმა მშვიდად უთხრა: „ნუ სტირ ჩემთჳს, რამეთუ დასაბამ სიხარულისა იქმნა ჩემდა ღამჱ ესე“.
იაკობ ხუცესი ევედრა წმიდანს, მიეცა ნება, მისთვის პირიდან სისხლი და თვალთაგან ნაცარი მოებანა და ჭრილობებზე სალბუნი დაედო. შუშანიკმა მიუგო: „ჴუცეს, მაგას ნუ იტყჳ, რამეთუ სისხლი ესე განმწმენდელ არს ცოდვათა ჩემთა“.
ჰონების წინააღმდეგ საბრძოლველად წასვლის წინ ვარსქენმა თავისი ნაჩუქარი სამკაულები წაართვა შუშანიკს… ამასობაში დიდი მარხვაც დადგა. წმიდა დედოფალი კვლავ ეკლესიის მახლობლად მდებარე პატარა ბნელ სენაკში გადავიდა და მარხვა-ლოცვასა და ტირილში გაატარა წმიდა ორმეოცი.
ბრძოლიდან დაბრუნებულმა ვარსქენმა შუშანიკი მოიკითხა. ერთმა ახლობელმა კარისკაცმა ურჩია, ამ წმიდა მარხვაში არაფერი ეთქვა მისთვის. მარხვის შემდეგ ვარსქენმა ცემით წაიყვანა დედოფალი სასახლეში, სამასი ჯოხი დაჰკრა, ქედზე ჯაჭვის დადება და საპყრობილეში ჩასმა ბრძანა.
ექვსი წელი გაატარა წმიდა შუშანიკმა ციხეში. ამ ხნის განმავლობაში არ შეუწყვეტია ლოცვა, მარხვა და სხვა ღვთის სათნო საქმეები. საპყრობილეში მყოფი, იგი თავად ამხნევებდა მის გასამხნევებლად მოსულ ქრისტიანებს, დახმარების მიღების მაგივრად თვითონ ეხმარებოდა გაჭირვებულებს. მისი ლოცვით ავადმყოფები იკურნებოდნენ, უშვილოებს შვილი ეძლეოდათ… შუშანიკის ლოცვით განიკურნა და მართად სარწმუნოებაზე მოექცა ერთი კეთროვანი სპარსი დედაკაცი. დედოფალი ყველაზე უფრო შვილების ცეცხლთაყვანისმცემლობაზე გადაბირებამ შეაძრწუნა – „ტირილითა დიდითა… თავსა თჳსსა ქუე დამართ სცემდა“, მაგრამ მაინც სამადლობელი აღმოთქვა: „გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ჩემო, რამეთუ იყვნესვე არა ჩემნი, არამედ შენნი მოცემულნი იყვნეს. ვითარცა გნებავს, იყავნ ნებაჲ შენი, უფალო, და დამიცევ მე საქმეთაგან მტერისათა“.
სიკვდილის წინ წმიდა მოწამემ ყველანი დალოცა და ითხოვა, დაესაფლავებინათ იქ, საიდანაც პირველად გამოათრია უშჯულო ქმარმა, შემდეგ ფსალმუნის სიტყვები გაიმეორა: „კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი, რამეთუ მშვიდობით მას ზედა დავწევ და დავიძინე“ და სული უფალს შეავედრა.
სამღვდელოებამ და ერმა ნაწამები დედოფლის გვამი ნაანდერძევ ადგილას დაფლა.
მე-6 საუკუნეში ქართველებმა შუშანიკის ნეშტი თბილისში გადმოასვენეს და მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარში დაკრძალეს.