9 სექტემბერს, წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ვატიკანსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში, სანტ აგოსტინოს საკონცერტო დარბაზში მევიოლინე სანდრო თიგიშვილისა და მის მიერ დაარსებული კამერული ორკესტრის ‘’Georgian chamber soloist’’-ის კონცერტი გაიმართა.
კამერული ორკესტრი მაესტრო თიგიშვილმა 2021 წელს დააარსა და მასში ახალგაზრდა ნიჭიერი ქართველი მუსიკოსები გააერთიანა. კონცერტზე შესრულდა სულხან ცინცაძის ქართულ ფოლკლორულ მუსიკაზე შექმნილი მინიატურები.
კონცერტის დასაწყისში, დამსწრე საზოგადოებას მიესალმა საქართველოს ელჩი, ქალბატონი ქეთევან ბაგრატიონ მუხრანბატონი და საეკლესიო მუსიკის პონტიფიკალური ინსტიტუტის რექტორი, მონსინიორ ვინჩენცო დე გრეგორიო.
აღსანიშნავია, რომ კონცერტში მონაწილეობა მიიღო ცნობილმა იტალიელმა მუსიკოსმა, პიანისტმა და კომპოზიტორმა ლორენცო ტურკი-ფლორისმა, რომელმაც ‘’Georgian chamber soloist’’-თან ერთად შეასრულა მისი ნაწარმოები ‘’Aspettando Anninnora’’.
საღამოს ესწრებოდნენ ვატიკანში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ასევე რომის კურიის და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.