2022 წლის 23 სექტემბერს 18:00 საათზე, ქ. ჰააგაში, საქართველოს საელჩოში, გაიმართება საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, გურამ ოდიშარიას ნაწარმოების „დევნილთა უღელტეხილის“ ნიდერლანდური თარგმანის პრეზენტაცია.
ქართველი მწერალი გურამ ოდიშარია, რომელმაც 1993 წელს ხელჯოხით, თავად გამოიარა ეს გოლგოთას გზა, ნაწარმოებში აღწერს 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის ტრაგედიასა და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ფეხით გადმოსვლას საკენი-ჭუბერის უღელტეხილზე, როდესაც გზაში ასობით ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები.
“წიგნს წარადგენს თარგმანის ავტორი, ნიდერლანდებში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელი არჩილ ჯავახაძე, რომელიც ნაწარმოების თარგმნის პროცესზე, მის შინაარსსა და მნიშვნელობაზე ისაუბრებს.
ღონისძიება იმართება საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკულ თარიღის, სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკავშირებით და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით.
პოსტში განთავსებულია საკენი-ჭუბერის უღელტეხილზე გადმოსვლისას, ბრიტანელი ფოტოგრაფის ჯონ ჯონსის გადაღებული ფოტო“, – ნათქვამია ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.