არ გამოტოვოთ ბერნჰარდ შლინკთან შეხვედრა

საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი და თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი, მწერალთა სახლში, თანამედროვეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გერმანელ მწერალთან, ბერნჰარდ შლინკთან შეხვედრაზე გეპატიჟებიან.

– რა გავლენა აქვს წარსულს აწმყოში?

– შესაძლებელია თუ არა წარსულის გააზრება ლიტერატურის მეშვეობით?

– რა მნიშვნელობა ენიჭება სამართლიანობას წარსულთან მოპყრობაში?

– შედგა თუ არა გერმანიის გაერთიანება ან როგორ შეიძლება ის შემდგარიყო?

ეს ის თემებია, რომელზეც ნინო ლეჟავა (გამომცემლობა მელანის დამფუძნებელი) ისაუბრებს მწერალთან.

შეხვედრა გაიმართება გერმანულ-ქართულ ენაზე სინქრონული თარგმანით.

დასწრება თავისუფალია

გერმანელმა მწერალმა და იურისტმა ბერნჰარდ შლინკმა 1995 წელს ერთბაშად გაითქვა სახელი ნაციონალ – სოციალისტურ თემაზე შექმნილი რომანით „წამკითხველი“, რომელიც მსოფლიოს ორმოცდაათზე მეტ ენაზეა ნათარგმნი და რომლის პოპულარობასაც ასევე ჰოლივუდის მიერ წიგნის ეკრანიზაციამაც შეუწყო ხელი.

ამავდროულად, ბერნჰარდ შლინკი იყო ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პროფესორ ემერიტუსი საჯარო სამართალსა და სამართლის ფილოსოფიაში. ის იყო ნორდრაინ ვესტფალიის მიწის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე. 1989 წელს, ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ, მონაწილეობდა მრგვალ მაგიდაში გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის გარდამავალი კონსტიტუციის შესამუშავებლად. მის იურიდიულ პუბლიკაციებს მიეკუთვნება სახელმძღვანელოები ძირითადი უფლებებისა და პოლიციისა და სამართალდაცვის კანონმდებლობის შესახებ.

ბერნჰარდ შლინკი ბერლინსა და ნიუ – იორკში ცხოვრობს. მისი ნაწარმოებები ორმოცდაათზე მეტ ენაზეა თარგმნილი (მათ შორის „ოლგა“ და „წამკითხველი“ ქართულადაც ნათარგმნია გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ).