საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი 2 ოქროს, 2 ვერცხლის მედლით და გუნდური პირველი ადგილით დაასრულა

საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ორ-ორი ოქროსა და ვერცხლის მედლით და გუნდური პირველი ადგილით დაასრულა. ჯემალ კილაძის გუნდი მთელი სეზონის განმავლობაში, მსოფლიო სერიის ყველა ეტაპზე სტაბილურად, წარმატებით გამოვიდა და საბოლოო გამარჯვებაც ლოგიკური იყო. მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ) და ნიკა კენჭაძე (80 კგ). დავით ხუციშვილმა (90 კგ) და მამუკა კორძაიამ (+90 კგ) კი მეორე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები გამოვლინდნენ მსოფლიო სერიის ფინალური – მეხუთე ეტაპის შემდეგ, რომელსაც 3-4 სექტემბერს, რუმინთის ქალაქმა კონსტანტამ უმასპინძლა. იქამდე, მაისიდან ივლისის ჩათვლით, მსოფლიო სერიის ოთხი ეტაპი გაიმართა და საქართველოს ნაკრები ოთხივეში საუკეთესო იყო

ფინალურ ეტაპზე კენჭაძე და ქელეხსაშვილი ჩემპიონები გახდნენ. კორძაიამ მეორე ადგილი დაიკავა. ხუციშვილი კი ნახევარფინალში მიღებული ტრავმის გამო საპრიზო სამეულს მიღმა დარჩა.