საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტი 2022-ზე პირველი, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა პირველად ითამაშა ორი ოვერტაიმი და ისტორიაში პირველად დაამარცხა თურქეთის ნაკრები – 88:83.
„ეს გამარჯვება ორმაგად დასაფასებელია იმიტომაც, რომ საქართველოს ნაკრებმა თითქმის განახევრებული შემადგენლობით მოიპოვა. თავად განსაჯეთ: ევრობასკეტამდე გუნდს გამოაკლდა თორნიკე შენგელია, პირველ მატჩში მიღებული კოჭის ტრავმის გამო ვერ დაეხმარა გოგა ბითაძე. მეოთხე პერიოდში მეტოქესთან გაწევ-გამოწევის გამო დისკვალიფიკაცია მიიღო დუდა სანაძემ, ხოლო მასთან ერთად თამაშის გაგრძელება ხუთი ფოლის გამო ოვერტაიმი ვერ ითამაშა გიორგი შერმადინმა.
დიდი დანაკლისის მიუხედავად საქართველოს ნაკრებმა ბოლომდე იბრძოლა და პლეი-ოფში გასვლისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
ექვსგუნდიანი ჯგუფიდან პლეი-ოფში ოთხი საუკეთესო გადის. ოთხეულში მოსახვედრად საქართველოსთვის აუცილებელი იყო თურქეთთან გამარჯვება. ეს კალათბურთელებსაც კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული და პირველივე წუთებიდან მოედანზე სულ სხვა შემართებით გავიდნენ. კალათბურთში ემოცია ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩვენს გუნდს ტრიბუნებიდან 10 ათასი ქომაგი ამხნევებდა და მუხტი მოედანზეც გადავიდა“, – ნათქვამია კალათბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ორივე გუნდის შემადგენლობაში გიორგი შერმადინთან ერთად საუკეთესო შედეგი დააფიქსირა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც ორმაგი დუბლი 20 ქულითა და 12 მოხსნით გაიფორმა. შერმადინის ანგარიშზე 15 ქულა, 6 მოხსნა და თითო ჩაჭრა-დაფარება დაგროვდა. 15 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა რატი ანდრონიკაშვილმა, დუდა სანაძის ანგარიშზე კი 13 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა. თად მაკფადებმა ბევრი სამქულიანი ააცილა (19 -დან 4), თუმცა მისი ბურთები საჭირო მომენტში ჩავარდა და თამაშის შედეგზე დიდი გავლენა მოახდინა. მისი მონაგარია 17 ქულა, 6 პასი და 4 მოხსნა.
საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს 6 სექტემბერს, ჯგუფის აუტსაიდერ ბულგარეთთან გამართავს.