ღვინის ეროვნული სააგენტოსა და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, კორეის რესპუბლიკის ქალაქ დეჯონში საერთაშორისო ფესტივალზე “Daejeon International Wine Festival” ქართული ღვინის 24 მწარმოებლის, როგორც დიდი კომპანიების, ასევე მცირე მარნების ღვინო იყო წარმოდგენილი. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ღვინის ფესტივალის “Daejeon International Wine Festival” საზეიმო გახსნის ცერემონია 26 აგვისტოს კორეის რესპუბლიკაში, ქალაქ დეჯონში უმსხვილეს საგამოფენო ცენტრში “Daejeon Convention Center” გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველმა, მარიამ მეტრეველმა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღვინის საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში ქართველი ღვინის ექსპერტმა, მეღვინე ლადო უზუნაშვილმა და ჰოლანდიელმა ღვინის მწერალმა საიმონ ვულფმა ქართული ღვინის მასტერკლასი ჩაატარეს.
ქართული ღვინის სტენდი “Daejeon International Wine Festival”-ზე პირველად იყო წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ კორეის რესპუბლიკაში ქართულ ღვინის მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება, რასაც ადასტურებს ადგილობრივი ღვინის ექსპერების, ბაიერებისა და ვიზიტორების სიმრავლე ქართული ღვინის სტენდთან.