შვეიცარიის ქალაქ სიონის ფესტივალის ფარგლებში ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტი გაიმართა

2022 წლის 19 აგვისტოს შვეიცარიის ქალაქ სიონში 57-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიმართა, რომელშიც საქართველოს ხალხური სიმღერის და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“ მეშვიდედ მონაწილეობდა. ბოლო ხანებში შვეიცარიაში საქართველოს საელჩო წარმატებით თანამშრომლობს სიონის ფესტივალთან.

“ქალაქის საკათედრო ტაძარში გამართული კონცერტი სრული ანშლაგით ჩატარდა. კონცერტს დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიაში რევაზ ლომინაძე.

ანსამბლი „რუსთავი“ მრავალრიცხოვანი მსმენელის წინაშე ტრადიციულად შთამბეჭდავი პროგრამით წარდგა. შესრულდა ხალხური სიმღერები, საგალობლები, ანზორ ერქომაიშვილის არაჩვეულებრივი შემოქმედება”, – ნათქვამია შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფესტივალის ხელმძღვანელთა და მონაწილეთა გადაწყვეტილებით, წლევანდელი წარმოდგენები მიეძღვნა უკრაინაში დაღუპულ მსხვერპლთა ხსოვნას. კიეველ ორკესტრანტებსა და მოლდაველ მევიოლინესთან ერთად, ქართველმა მომღერლებმა უკრაინული სიმღერაც შეასრულეს.