ა(ა).ი.პ. კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ცენტრის – ,,არგვეთი“ ორგანიზებით საჩხერეში თოდაძის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა.
საჩხერის მერიის ინფორმაციით, აღმოსავლეთ და სამხრეთ ფერდობებზე გაიჭრა სადაზვერვო თხრილები და შურფები. აღმოჩნდა რამდენიმე პერიოდის ძეგლი.
“დაფიქსირდა ადრე ბრინჯაოს ხანის მტკვარ-არაქსული კულტურის ფენები და არტეფაქტები. ძვ. წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნის სამარხი და წინარე ანტიკური პერიოდის ქვის კედელი. აღმოჩენილი მასალები კარგად თარიღდება ძვ.წ. VIII-VII (ფლეთილი ქვის კედელი, თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები). კერამიკული არტეფაქტები თარიღდება ადრე ბრინჯაოს ხანის, ძვწ. III ათასწლეულის შუა ხანით და წინასწარულად მტკვარ-არაქსის კულტურის განვითარების ეტაპს მოიცავს.
გათხრების შედეგად დადასტურდა, რომ თოდაძის ციხეზე არსებობს მრავალეტაპიანი არქეოლოგიური ობიექტი.
- ადრე ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი
- წინარე ანტიკური ხანის ნამოსახლარი
- ადრე ელინისტური ხანის სამაროვანი
- გვიანანტიკური ხანის სამაროვანი
- ადრე შუასაუკუნეების ნამოსახლარი
მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ჩაბარდა ჯურხა ნადირაძის სახელობის საჩხერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს. მასალის ნაწილი (ადრე ბრინჯაოს ხანის კერამიკა და სამარხის ინვენტარი) უკვე გამოფენილია მუზეუმის ექსპოზიციაში და ხელმისაწვდომია ვიზიტორებისთვის”,- ნათქვამია ინფორმაციაში.