„თუთიყუშის მეთოდი“ თუ „წყალში ჩახტომა“?- ენის სწრაფად შესწავლის რეკომენდაციები „დოქტორ ივრითისგან“

ჩვენმა მკითხველმა უკვე გაიცნო ისრაელში მცხოვრები ლიკა დავიდ დიღმელაშვილი, რომელიც წმინდა მიწაზე ჩასულ ქართველებს ენობრივი  პრობლემების გადალახვაში ეხმარება. თავისი წარმატებული პედაგოგიური საქმიანობის გამო, როგორც მას პატივისცემის ნიშნად მიმართავენ-„დოქტორ ივრითსდღეს ბევრი ემადლიერება. თუ რაში მდგომარეობს ამგვარი წარმატების საიდუმლო ამის შესახებ თავად მოგვითხრობს.

ქალბატონო ლიკა, რა არის თქვენი მოსწავლეების წარმატების საიდუმლო?

– პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ ყველა ჩემი მოსწავლე სხვებისგან გამოირჩევა თუნდაც იმიტომ, რომ ენის სწავლის მიზანს მათი ძალიან გადატვირთული რეჟიმის პირობებში ისახავენ. მერე ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ამ მიზანს მიაღწიონ. მე მჯერა, რომ ყველა ადამიანს შეუძლია წარმატებით შეისწავლოს ენა თუკი ამისთვის სწორად იმოქმედებს. თუკი ვიტყვით, რომ ენის შესწავლა მსურს, მაგრამ ამისთვის არაფერს გავაკეთებთ, მაშინ ჩვენი სურვილი, მხოლოდ სურვილის დონეზე დარჩება. მოქმედება იმას ნიშნავს, რომ პირველ რიგში, დავუკვირდეთ – რატომ არ ვსწავლობთ ენას როცა ის ძალიან გვჭირდება. ასევე უნდა გამოიკვეთოს სწავლის მიზანი – რატომ მინდა ივრითის შესწავლა, შემდეგ კი აქტიურად შევუდგეთ მეცადინეობას. მოტივაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

თქვენი მოსწავლეები რამდენად მოტივირებული არიან?

– მე ხშირად მესმის ჩემი მოსწავლეებისგან: „ერთი სიტყვაც კი არ მესმოდა და არ მქონდა წარმოდგენილი ოდესმე ივრითულად თუ დავიწყებდი ლაპარაკს“, ერთმა მოსწავლემ მითხრა: „სამი წლის განმავლობაში ვცდილობდი ენის სწავლას, რა გზას აღარ მივმართე, მაგრამ სულ ტყუილად, რადგან სიტყვების ნახევარზე მეტი თურმე შეცდომით მქონია ნასწავლიო”. ჩემი გაკვეთილების შემდეგ, საკუთარი თავით კმაყოფილები ერთხმად აცხადებენ, რომ ისრაელში ყოფნა, ცხოვრება და მუშაობა ივრითის ცოდნის გარეშე დროის ტყუილად დაკარგვაა. სწორედ ესაა ჩემი  მოსწავლეების წარმატების საიდუმლო. დღეს ცხოვრება წინ წავიდა და სწავლის მეთოდებიც გაადვილდა. იმის ნაცვლად, რომ მასწავლებელთან ვიაროთ, დრო და ზედმეტი თანხა დავხარჯოთ, შეგვიძლია ივრითი ყველასთვის მისაღებ ფასად შევისწავლოთ, თანაც, კომფორტულად, ანუ ვიდეო-აუდიო ფორმატის საშუალებით. ამ გზით გვეძლევა შანსი, რომ უცხო სიტყვები და გამოთქმები ბევრად მარტივად დავიმახსოვროთ.

ენის ადვილად სწავლებისთვის რა სახის მეთოდებს სთავაზობთ მოსწავლეებს?

– სწორად შერჩეულ სწავლების მეთოდს დიდი მნიშვნელობა აქვს შედეგისთვის. რადგან ეს მომავალი წარმატების საფუძველია. არსებობს უამრავი მეთოდი, მათგან რამდენიმეს გაგაცნობთ: ე.წ. „თუთიყუშის მეთოდი“ ყველაზე ცნობილია, რომლის დროსაც სიტყვების დაზეპირება ხდება. ჩემი აზრით, ეს მეთოდი გამართლებული არ არის, რადგან ჩვენს მეხსიერებას გარკვეული  რესურსი გააჩნია და ყველა სიტყვის დაზეპირებას სამწუხაროდ ვერ შევძლებთ. გარკვეული სიტყვები თუნდაც დავიმახსოვროთ, საბოლოოდ საუბარს მაინც ვერ შევძლებთ. მეორე მეთოდს პირობითად დავარქვათ „წყალში ჩახტომა“-ამ მეთოდით ენის შესწავლა ხდება იმ ადამიანისგან, ვინც თქვენს მშობლიურ ენას არ ფლობს. ეს მეთოდი წარმატებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ძალიან დიდი მოთმინების უნარი და თავისუფალი დრო გაგაჩნიათ. ამ გზით ენის სწავლას მხოლოდ ჟესტებით თუ მოახერხებთ.

არის მეთოდი, რომლის მიხედვით ხშირად უნდა იმყოფებოდე ისეთ სივრცეში, სადაც მხოლოდ უცხო ენაზე მოსაუბრე ხალხია. თქვენ რას იტყვით?

– თეორიულად ეს მეთოდი შეიძლება გამართლებულად მოგეჩვენოთ, რადგან სხვა გზა არ გექნება და იმ ენაზე საუბარს დაიწყებ, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. თავდაპირველად შეიძლება გარკვეულ დონეს მიაღწიოთ. მართალია, საუბარს დაიწყებთ, მაგრამ საკუთარ ცოდნაში დარწმუნებული მაინც არ იქნებით, ანუ მხოლოდ ვარაუდის დონეზე გეცოდინებათ სწორედ გაიგეთ თუ არა სხვისი ნათქვამი. ადამიანი, როცა საკუთარ ცოდნაში დარწმუნებული არ არის, უცხო ენაზე საუბარს ვერ მოახერხებს.

ორი თვის წინ თქვენ ენის სწრაფად შესწავლის კურსი დაიწყეთ, რამდენად შედეგიანი აღმოჩნდა ის?

– საერთოდ ჩემს მოსწავლეებს ივრითულ ენას სამ ეტაპად ვასწავლი ხოლმე. ისრაელში მყოფი ქართველებიდან ბევრს არ სჭირდება ან ჯერ მზად არ არის ენის სრული კურსისთვის. ბევრს ძირითადად არასწორი ცოდნა ჰქონდა, ამიტომაც სწორედ ამ კატეგორიისთვის გადავწყვიტე ენის სწავლის ელემენტარული კურსი გამეხსნა. მათგან 30% -მა, ვინც იმ კურსზე ჩაეწერა, უკვე თვე ნახევარში სრულ კურსზე გადაინაცვლა. საუბრის ბოლოს დასკვნის სახით ვიტყვი, რომ ენის კარგად სწავლის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლის მოტივაციას, სწავლების თანამიმდევრულობას და მასწავლებლის მიერ სწორად შერჩეულ მეთოდებს. ეს ყველაფერი სამომავლოდ წარმატების უცილობელი გარანტია ხდება.