ფრანგი არქეოლოგი ბარონ დე ბაი საქართველოში პირველად 1897 წელს ჩამოვიდა, მაშინ, როცა ციმბირის ორთვიანი მივლინებიდან
ბარონი კარდენახში რთველს დაესწრო. მერე დასავლეთ საქართველოში გაემგზავრა. საქართველოში სულ 2 თვე იყო. მეორედ ის 1898 წლის სექტემბერში ჩამოვიდა.
ბარონმა პარიზში მრავალი ლექცია წაიკითხა საქართველოს შესახებ, გამოსცა წიგნები: “საქართველოში” (1898), “კავკასიონის ქედის სამხრეთით” (1899),”კავკასიონის ქედის ჩრდილოეთით” (1899),”თბილისი” (1900),”იმერეთში” (1902),”აფხაზეთში” (1904) და სხვა, რომლებშიც ასახა იმდროინდელი საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრება, გადმოსცა თავისი შთაბეჭდილებანი და ეთნოგრაფიული დაკვირვებანი, გამოაქვეყნა აგრეთვე საქართველოსთან დაკავშირებული რამდენიმე თქმულება და გადმოცემა. ფრანგულად თარგმნა ქართული ზღაპარი-ლეგენდა “მშვენიერება” (1900) და რამდენიმე სხვა ნაწარმოები.
2006 წელს პარიზის კე ბრანლის – ჟაკ შირაკის მუზეუმმა აუქციონზე ბარონ დე ბაის ფოტოალბომები შეიძინა, რომლებიც ფრანგი მკვლევრის მიერ 1897-1910 წლებში რუსეთის იმპერიაში მოგ ზაურობისას გადაღებულ ფოტოებს მოიცავს. ფოტოებს შორის საქართველოში გადაღებულია 541 ფოტო, რომელთაგან 486 განსხვავებული კადრია. დანარჩენი კადრები კი მეორდება.
მარნის დეპარტამენტის არქივში, ბარონ დე ბაის ფონდში, დაცულია ლურჯყდიანი გამოცემის ალბომი, რომელიც 64 ფოტოს შეიცავს, აქედან 60 ფოტო გადაღებულია საქართველოში 1897, 1903 და 1904 წლებში.
ბარონ დე ბაის მიერ საქართველოში გადაღებული ფოტოები ასევე აღმოჩნდა პარიზის სლავისტიკის ინსტიტუტში. 1920-იანი წლების ბოლოს დე ბაიმ თავისი პირადი არქივი საჩუქრად გადასცა პარიზში მდებარე წმინდა სერგი რადონეჟელის რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიასა და თეოლოგიის ინსტიტუტს, სადაც მუზეუმის გახსნა იგეგმებოდა. ვინაიდან მუზეუმი არ გაიხსნა დღეს ეს არქივი პარიზის სლავისტიკის ინსტიტუტშია დაცული. არქივი წარმოადგენს 17 საარქივო კოლოფში გადანაწილებულ რამდენიმე ასეულ საბუთს. აქ არის ბარონ დე ბაის მიმოწერა მეგობრებთან და კოლეგებთან, მისთვის ნაჩუქარი ფოტოპორტრეტები მიძღვნითი წარწერებით, სხვადასხვა ფოტოგრაფების მიერ გადაღებული მდიდარი ფოტოკოლექცია და სხვ. აქ ასევე დაცულია დე ბაის მიერ საქართველოში 1897-1903 წლებში გადაღებული 164 ფოტო. საფრანგეთში, კერძო კოლექციონერებთან დაცული ფოტოებიდან საქართველოში გადაღებულია 28 ფოტო.