2 ივლისს, თბილისში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა 2021-2022 წლების სეზონის უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის (ICPC – International Collegiate Programming Contest) ნახევარფინალი ე. წ. ჩრდილო ევრაზიის ზონაში (NERC – Northern Eurasia Regional Contest) შემავალი აზერბაიჯანისა და საქართველოს გუნდებისთვის. ამ შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა აზერბაიჯანის 29 და საქართველოს 19-მა გუნდმა.
„ფინალის ერთადერთი საგზურისთვის გაიმართა დაძაბული ბრძოლა აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის გუნდის ADA U 2 და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პირველსა და მეორე გუნდებს შორის. საბოლოოდ, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის საგზური მოიპოვა თავისუფალი უნივერსიტეტის პირველმა გუნდმა – ვანო და ბაქარ გამეზარდაშვილები, სანდრო ხოხიაშვილი. გუნდის მწვრთნელი არის ზაზა გამეზარდაშვილი.
თავისუფალი უნივერსიტეტის კიდევ ერთი გუნდი (დავით ხვედელიძე, გიორგი კობახია, ნიკოლოზ ციმაკურიძე, მწვრთნელია ზაზა გამეზარდაშვილი) ამოხსნილი ამოცანების რაოდენობით არ ჩამოუვარდება დანარჩენ ორ გუნდს, ხოლო სამ გუნდს შორის ადგილების საბოლოო გადანაწილება მოხდა ე.წ. დროითი მაჩვენებლებით (წყარო: თეოდორე ზარქუა, შეჯიბრის დირექტორი, პროგრამირების მხარდაჭერის ასოციაციის პრეზიდენტი)“, – ნათქვამია თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პირველი გუნდი ზემოთ ხსენებულ შემადგენლობაში მეორედ გავიდა მსოფლიო პირველობის ფინალში. მოცემული მომენტისთვის თავისუფალი უნივერსიტეტის პირველი გუნდი ერთადერთია გუნდია საქართველოდან, რომელმაც მეორედ მოიპოვა ICPC-ს ფინალში ასპარეზობის უფლება.