„მეგობრებო დაღლილი ვარ 14 საათიანი სამუშაო დღის შემდეგ, მაგრამ ეს დიდი ჯგუფია და ბევრი კითხულობს აქაც და საქართველოშიც და იმედია ბევრი ამოიცნობს საკუთარ თავს!“ – ასე იწყება წერილი, რომელიც სოციალურ ქსელში, ჯგუფში „ჩვენ ამერიკაში“, ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ექიმმა ზურაბ ზურაბიშვილმა გამოაქვეყნა. ეს არის რეალური, სამწუხარო ისტორია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„ძალიან სამწუხარო ამბების მომსწრე გავხდი დღეს საღამოს. Emergency Room-დან ჩემს განყოფილებაში შემოვიდა STEMI alert სავარაუდო მიოკარდიუმის ინფარქტით(Ml). პაციენტი 46 წლის მამაკაცი, უსახლკარო. უგონო მდგომარეობაში გამვლელმა შეამჩნია Bryant Park-ში და 911 გამოიძახა.
ეს ამბავი არაფრით განსხვავებული იქნებოდა ჩემი რიგითი სამუშაო დღისგან, რომ არა პაციენტის ქართული გვარი. არ იყო ჩემი კეისი, მაგრამ ენის ცოდნის გამო, რა თქმა უნდა, ჩამრთეს დაუყოვნებლივ. ბევრი რომ არ გავაგრძელო, საბედნიეროდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და პაციენტი გადარჩა და სტაბილურია ამჟამად, მაგრამ ის რაც პაციენტისგან მოგვიანებით მოვისმინე recovery room-ში სრულიად გამაოგნებელია!
ისტორია ბანალურია! მექსიკიდან შემოსული მამაკაცი, რომელმაც ბინა დააგირავა, ოჯახი ქირით გაიყვანა და ამ თანხით წამოვიდა ამერიკაში ბედის საძიებლად. ძალიან ერიდებოდა ამბის მოყოლა იმდენად შეშინებული და დათრგუნული იყო, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ მიხვდა რომ მხოლოდ კეთილად ვიყავი მის მიმართ განწყობილი და მომიყვა თავის ამბავი.
სამწუხაროდ მასაც როგორც ბევრ სხვა ახალ ჩამოსულს უთხრეს “აქამდე ჩამოდი კაცო და მერე ყველაფერს მოგიგვარებთო”, მაგრამ საემიგრაციო ციხიდან გამოსული დარჩა მარტო სრულიად ბედის ანაბარა, რადგან ვინც რამე დახმარებას დაჰპირდა გარშემო ყველა აორთქლდა. ჰქონდა ბევრი გაუთვალისწინებელი ხარჯი, სპონსორი, გირაო და ა.შ. ბოლოს კი ისე მოხდა, რომ დღიური ოთახის ქირის თანხაც აღარ ჰქონდა და ბოლო რამდენიმე დღე სკვერებში ათევდა ღამეს. ამ გაუთავებელმა სტრესმა და იმის შიშმა, რომ ოჯახს ბინის ქირის თანხას ვერ გაუგზავნიდა საქართველოში თავისი შედეგი გამოიღო და ამის გამო დღეს ეს ადამიანი ჰოსპიტალში წევს დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობით.
მოგმართავთ თქვენ, უსიცოცხლო, ბოროტო და გაუტანელო არსებებო! ვინც ასე ატყუებთ ხალხს, ვისაც გაჭირვების გამო თავგზა ისედაც აბნეული აქვს! სასწორზე დებენ საკუთარი და მათი ოჯახის წევრების ცხოვრებას. რისკავენ ყოვლად წარმოუდგენელს, საკუთარი სიცოცხლის ფასად გადიან ჯოჯოხეთს და აქ რომ ჩამოდიან თქვენ უგზო-უკვლოდ იკარგებით! სირცხვილი, ნამუსი და ადამიანობა არ გაქვთ საერთოდ?
თქვენ კი ვინც ახლა აპირებთ იგივე გზა გაიაროთ იყავით ფრთხილად და კარგად დაფიქრდით ვიდრე მსგავს ნაბიჯს გადადგამთ. ნუ ენდობით და ნუ დაიჯერებთ ყველაფერს რასაც აქედან გიყვებიან. ნუ დატოვებთ ოჯახებს უსახლკაროდ და არ მიიღოთ მსგავსი გადაწყვეტილება, თუ აქ ერთგული და სანდო ადამიანი არ გეგულებათ. ბედის ანაბარა აქ ძალიან გაგიჭირდებათ!
გრძელი პოსტია უკაცრავად, მაგრამ არაფრით შეიძლება მსგავს ამბავზე თვალის დახუჭვა!“- წერს ზურაბ ზურაბიშვილი.