ცნობილი ფრანგი მწერალი ჟან-ლუკ კოატალემი ივლისის ბოლოს საქართველოს ეწვევა, მისი რომანი ქართულად გოჩა ჯავახიშვილმა თარგმნა

ლიტერატურის მოყვარულთათვის ძალიან სასიხარულო ინფორმაცია გვაქვს. დიპლომატმა გოჩა ჯავახიშვილმა, რომელიც წლების განმავლობაში საფრანგეთში საქართველოს პოპულარიზაციას ეწეოდა, ცნობილი ფრანგი მწერლის ჟან-ლუკ კოატალემის რომანი « La Part du Fils », ქართულ ენაზე თარგმნა.

Jean-Luc COATALEM -მა 2019 წელს მიიღო ჟან ჟიონოს ლიტერატურული პრემია, ხოლო ილიაუნის, ივანე ჯავახიშვილის თსუ-ს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ფრანგული მედიათეკის სტუდენტურმა ჟიურიმ იგი დაასახელა საქართველოში გონკურის პრემიის 2020 წლის გამარჯვებულ ავტორად – რომანით – „შვილის წილი“ (გამომცემლობა სტოკი).

“ბევრი ფიქრის შემდეგ მე სათაურის ქართულ ვერსიად შევარჩიე „ წილი და ხვედრი შთამომავლისა“ – მანამდე მინდოდა ყოფილიყო „წილხვედრი შთამომავლისა“, მაგრამ გავყავი სიტყვა, რომ უხერხული პარალელები ან ასოციაციები არ გაჩენილიყო.

რა აღარ მითარგმნია, სახელმწიფოთაშორისი უმნიშვნელოვანესი ხელშეკრულებები, მემორანდუმები, იურიდიული, პოლიტიკური და სოციოლოგიური ტექსტები, მაგრამ უნდა ვაღიარო, არ ყოფილა რომანის თარგმნა იოლი საქმე. ეს რომანი გამარჯვებულთა შორის სწორედ მწერლის წერის ლიტერატურული სტილის გამო მოხვდა. მისი სინტაქსი გახლავთ საინტერესოდ რთული . გულწრფელად, ამავდროულად “კრძალვითა და ცახცახით” ველი თქვენი, ქართველი მკითხველის აზრს, თუ რამდენად შევუნარჩუნე სინდისი, ლაზათი და ხიბლი მწერლის დედანში ნაფერებ, ნალოლიავებ ლიტერატურულ მარგალიტებს.” – ამბობს გოჩა ჯავახიშვილი.

ივლისის ბოლოს, ფრანგი ავტორი თბილისში ჩამოვა და წიგნის პრეზენტაციაც მისი თანდასწრებით გაიმართება.

როგორც გოჩა ჯავახიშვილი გვიამბობს, წიგნის გარეკანისთვის ფოტო ეკუთვნის უმცროს მეგობარს და ძალიან ნიჭიერ ლუკა ხაბელაშვილს, რომელმაც ამ ფოტოში ჩატია რომანის რეზიუმე.

თარგმანი დაიბეჭდა ილიაუნის გამომცემლობაში.

გოჩა ჯავახიშვილი: განსაკუთრებული მადლობა ქ-ნ მზაღო დოხტურიშვილს, მზია გომელაურს და ჩემს მეგობარს პოეტ მანანა ჩიტიშვილს რიგი ფრაზების ლამაზად გამართულ ქართულად ჩაგვირისტებისთვის.

გარეკანზე დავიტანეთ ეს მოკლე ამონარიდი რომანიდან, რომელიც მიგანიშნებთ მის შინაარსზე.

“…სამყარო ერთი დიდი სიცარიელე და ბურუსია, იძულებული ხდები მოჩვენებების, აჩრდილებისა და ჩრდილებისა გჯეროდეს, ხეებსა და ღრუბლებში რაღაცის მომასწავებელ ნიშნებს ხედავდე. ბოლოს კი, შენდა უნებლიეთ ამ განწყობებს გადასცემ სხვასაც და სწორედ ამ მიზეზით ხარ ახლა, ამ ნაშუადღევს შენც აქ, კერგატში, თავსხმა წვიმასა და ნესტით გათქორილ მინდორში, რადგან ეს მემკვიდრეობით მიღებული შენი წილი, შენი ხვედრია შვილო… და თუ სხვა არაფრის გაკეთება შეგიძლია და ვინაიდან ეს გზა აირჩიე და გულიც ამას გთხოვს… დაწერე, შენი სიტყვებით აღწერე ჩვენს წინაპართა მარცხი, ვაჟკაცობა თუ სილაჩრე, რათა ერთხელ და სამუდამოდ ითქვას, გავიგოთ და გავისტუმროთ ისინი გზამართალს… ერთხელ და სამუდამოდ…“

წიგნი ამ ეტაპზე მხოლოდ ლიგამუსში იყიდება, ვაკეში.

წყარო: ipress.ge