სოხუმის უნივერსიტეტში, გაიმართა სტუდენტთა მსოფლიო ოლიმპიადის ნახევარფინალი პროგრამირებაში, რომელშიც გაისად, ეგვიპტეში გასამართი ფინალური შეჯიბრის 1 საგზური თამაშდებოდა.
შეჯიბრი ძალზე დაძაბული გამოდგა და სამმა გუნდმა ამოხსნა ყველაზე მეტი, 7-7 ამოცანა (ამ სამი გუნდიდან ორი თავისუფალი უნივერსიტეტის, ხოლო ერთი ბაქოს უნივერსიტეტის გუნდი იყო).
„გამარჯვებული გამოვლინდა ამოცანის ამოხსნაზე დახარჯული დროის მიხედვით და აქ საუკეთესო შედეგი თავისუფალი უნივერსიტეტის პირველ გუნდს (სანდრო ხოხიაშვილი, ვანო და ბაქარ გამეზარდაშვილები) აღმოაჩნდა. ეს გუნდი მეორედ გავიდა მსოფლიო პირველობის ფინალში. სულ კი თავისუფალი უნივერსიტეტისათვის ეს მესამე ფინალია (კიდევ თითოჯერ არიან ფინალში გასული თსუ-სა და შავი ზღვის უნივერსიტეტების გუნდები). იმედი მაქვს, რომ დადგება დრო და ქართული გუნდები ყოველწლიურად მოახერხებენ ფინალში გასვლას, სადაც მსოფლიოს 150-მდე საუკეთესო უნივერსიტეტი მონაწილეობს ხოლმე“, განაცხადა გუნდის მწვრთნელმა, თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორმა ზაზა გამეზარდაშვილმა.