„ელადა“ და მეგობრები“ – სხვადასხვა თაობის ემიგრანტების შემოქმედება

გამოიცა ახალი კრებული „ელადა“ და მეგობრები“, რომელშიც 20 წლის მანძილზე შეგროვებული ემიგრანტების ლექსები და მოთხრობებია გამოქვეყნებული. „„ელადა“ და მეგობრებიც“ სიყვარულით არის ნასაზრდოები. ეს წიგნი ახლა დაისტამბა, მაგრამ 20 წლი­საა… 20 წელია აგროვებს ამ სტრიქონებს „ელადა“ თავის ფურცლებზე… შემდეგ წიგნებად გამოსცემს და კრძალვით უნახავს მომავალ თაობას…“ – წერს სოციალურ ქსელში მწერალი, ჟურნალისტი, საბერძნეთის ქართული დიასპორის გაზეთ „ელადას“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ანა ყურშავიშვილი. გთავაზობთ ამ წერილს უცვლელად.

„მშვენიერების, რითმისა და ქართული უბადლო სიტ­ყვის სილამაზის შეგრძნებისა და დაფასების თანდაყოლილი ნიჭით დაჯილდოებულთა კრებულია ეს მშვენიერი წიგნი – „ელადა“ და მეგობრები“.

ჩვენს თანამედროვე მწერალს გოდერძი ჩოხელს მიაჩნდა, რომ დედამიწაზე რამდენი სულდგმულიც არსებობს, იმდენი მოთხრობა დადის… ვეთანხმები გენიოს მწერალს და ვფიქრობ, ამ არეულ-დარეულ დედამიწაზე ამ „მოთხრობების“ „პოვნა“ და ყველაზე აღმატებული და საპატიო მსაჯულის, მკითხველის წინაშე წარდგენა ერთეულებს ხელეწიფებათ მხოლოდ…

კიდევ უფრო მეტად ძნელია ლექსის პოვნა, მიგნება, მოჩუქურთმებულ-მელოდიურად დალაგება, ისე, მკითხველის გონებას კი არა, გულსა და სულს ჩასწვდეს, დააფიქროს, ავსა და ბოროტზე ხელი ააღებინოს, გაალაღოს, გააცისკროვნოს…

ღვთაებრივი ლირიკა გვაქვს ქართველებს, ლოცვასავით სათქმელი და გასაფრთხილებელი. ასეა რუსთაველის ეპოქიდან დაწყებული დღემდე…

„რამ გადაგხვეწაო“, ირაკლი აბაშიძემ მიმართა რუსთაველის აჩრდილს პალესტინაში და თითქოს მისივე ხმა გაახმიანა ლექსში, როცა თავადვე უპასუხა, სიყვარულმაო…

„თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ“ /გალაკტიონი/ და საუკუნეების მანძილზე იქცა ყველა სტრიქონი უკვდავებად, რაც სიყვარულით შეიქმნა, რაც სიყვარულს მიეძღვნა კლასიკოსების, სახალხო მთქმელების თუ იმ შემოქმედთა მიერ, ვისთვისაც ძვირფასი და სულის შუქია ლექსი, პოეზია…

„ელადა“ და მეგობრებიც“ სიყვარულით არის ნასაზრდოები. ეს წიგნი ახლა დაისტამბა, მაგრამ 20 წლი­საა… 20 წელი ათბობდა ემიგრანტების გულსა და ემიგ­რანტულ სევდიან ყოფას გაზეთი “ელადა” და მისი მეგობრები, მისი გულშემატკივრები, შემოქმედნი…

„ელადას“ გარშემო სხვადასხვა დროს შემოკრებილთა ნიჭის ნათელი კვალი ატყვია ამ წიგნს და ვფიქრობთ, მკითხველიც ისეთივე გულისხმიერებით მიიღებს, როგორებიც თავად ავტორები არიან…

„რითაც სავსეა გული, ბაგენიც იმას ამბობენ“ /ბიბლია/. რასაც ბაგენი ამბობენ, ის მკვიდრდება თეთრ ფურცლებზე, ის იკინძება წიგნად და ეს წიგნი უძლებს საუკუნეებს…

საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ ლექსი უყვარს ქართველს, თქმაც ემარჯვება, საუბარს ხშირად ცნობილი ლექსით ან ფრთიანი გამოთქმით, ანდაზით ამთავრებს და თავის აზრს ამით მოკლედ მოსჭრის…

ეს კიდევ უფრო იგრძნობა ემიგრაციაში, სადაც სევ­და, ნოსტალგია, უღრანი ფიქრი, ერთმანეთში ქართული ვაზივით გადახლართული, ახალ ულამაზეს ლექსს ბადებს… მისი დაკარგვა არ შეიძლება…

20 წელია, აგროვებს ამ სტრიქონებს „ელადა“ თავის ფურცლებზე… შემდეგ წიგნებად გამოსცემს და კრძალვით უნახავს მომავალ თაობას…

ყოველთვის გულწრფელად მახარებს სხვისი ნიჭის აღმოჩენა. მტერი, როგორც ასეთი, არასდროს მყოლია, მაგრამ რომც მყავდეს, იმის ნიჭს მაინც ვაღი­არებ, მაინც ვაახლებ „ელადას“ ფურცლებს და იმ სხვადასხვა გამოცემებსაც, რასაც ნახევარი საუკუნე ვემსახურები…

70 წლის წინ დავიბადე და მას შემდეგ არაერთმა სიხარულმა თუ ტკივილმა გამოანათა ჩემი გული და გონება საიმისოდ, რომ დღეს თქვენ წინაშე ვყოფილიყავი ისეთი, როგორიც ვარ… ბევრჯერ მითქვამს და დამიწერია, „ელადა“ ჩემი შვილივით მიყვარს. „ელადა“ ჩემი ფიქრი, თეთრ ფურცელს განდობილი, უკიდეგანოა და ზოგჯერ ისეც ხდება, მთელი სამყარო მოექცევა ხოლმე ჩემში ერთდროულად…

რამ შემაძლებინა უსაბუთოს, ენის არმცოდნეს, ათენ­ში საქართველოდან, უფრო სწორად, ბულგარეთის საზღვრიდან ფეხით, წამებით ჩასულს, უამრავ ფათერაკ­გადატანილს, გაზეთის დაფუძნება? – მხო­ლოდ სიყვარულმა ჩემი საქმისა და შენი, ჩემო ძვირფასო და აღმატებულად პატივსაცემო მკითხველო…

20 წელია, ემიგრანტთა გულებიდან ჩემს გულში გადმომაქვს წრფელი ფიქრები. ნეგატიურს არ ვინახავ, ძალიან მოკლეა წუთისოფელი და არ ღირს… ვიცი, ეს გრძნობა ხასიათსაც გამიფუჭებს, გაზეთსაც და კალამსაც წაბილწავს, სულ სიკეთისკენ მომართულს…

ტკივილით და სიხარულით, განცდით არის ჩემი შემოქმედება ნაწრთობი, მას ვერც მწერლობას დავარქმევ, ვერც პროზაიკოსობას, და როცა ამ ქვეყნად აღარ ვიქნები, თუ წამკითხველი ეყოლება, თვითონ დაარქვან სახელი…

ყველაზე კარგი, რაც უფალმა მიბოძა, შვილებისა და შვილიშვილების შემდეგ, მკითხველის გულწრფელი სიყვარულია და მაღალი პასუხისმგებლობა მის წინაშე…

ამ წიგნის – „ელადა“ და მეგობრების“ იდეა გაზეთის რედაქტორმა და „ელადას“  უახლოესმა, რომ იტყვიან, თავდადებულმა მეგობარმა, მწერალმა და რეჟისორმა მირიან ზალოშვილმა მომაწოდა. პროექტსაც თავად უხელმძღვანელა და როცა ეს წიგნი შეიქმნა, იდეებუხვმა კოლეგამ დასძინა, – რამდენიმე წიგნი გამოვცეთ, სხვადასხვა თაობის ემიგრანტების შემოქმედებითო…

მგონი, კარგი დასაწყისია…

ანა ყურშავიშვილი

მწერალი, ჟურნალისტი. საბერძნეთის ქართული

დიასპორის გაზეთ „ელადას“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი

p.s. წიგნში გამოქვეყნებულია ლია პეტრიაშვილის, მადონა ბურდულის, ნანა გაბელაიას, მზია გაგაძე-კანდელაკის, დედუკა გორელაშვილის, მირიან ზალოშვილის, ანა კელაპტრიშვილი – პაპაკანელუს, ლუიზა კუპატაძის, ლალი-ელენე ლაზაშვილის, თინა ნადირაძის, სალო სილაგაძის, ფაცი ტარიელაშვილის, ანა ყურშავიშვილის, ელენე (ლენა) ცნობილაძის, ლია ჯავახიშვილის, რუსუდან ჯანელიძის ლექსები და მოთხრობები.“