უზბეკი ბლოგერები და ჟურნალისტები აჭარას სტუმრობენ. ისინი რეგიონის ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ბლოგებს ამზადებენ და სოციალური ქსელების გამომწერებს აჭარაში მოგზაურობისკენ მოუწოდებენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და Uzbekistan Airways მიერ ორგანიზებული მედიატურის მონაწილეებმა ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხე, ეთნოგრაფიული მუზეუმი ‘ბორჯღალო“ და მთიანი აჭარა მოინახულეს, ადგილზე დააგემოვნეს აჭარული კერძები და მათი მომზადების მასტერკლასშიც მიიღეს მონაწილეობა. მედიატურის მიზანი უზბეკეთში აჭარის პოპულარიზაცია და რეგიონში ტურისტების მოზიდვაა.
უზბეკეთიდან ფრენები აჭარაში წელს პირველად დაიწყო. ტაშკენტიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და შაბათს ზაფხულის სეზონის ბოლომდე გაგრძელდება, რაც რეგიონში უზბეკი ტურისტების შემოყვანას შეუწყობს ხელს.