“გამოირჩეოდა ბურთის ფლობისა და მეტოქის გვერდის ავლის მაღალი ტექნიკით, ისეთი გრძელი გადაცემის გაკეთების უნარით, რომელიც მყისიერად ამწვავებდა თამაშს. ერთნაირად ძლიერი იყო შეტევების ორგანიზებასა და დაგვირგვინებაში. მოედნის საუცხოო ხედვა, ჩანაფიქრის მახვილგონიერება, შესრულების არტისტიზმი ყიფიანს საშუალებას აძლევდა მთავარი მოქმედი პირი ყოფილიყო გუნდში, რომელიც ევროპაში საუკეთესოთა რიცხვში შევიდა.” – დავით ყიფიანის საფეხბურთო ოსტატობა ასეა შეფასებული ენციკლოპედიაში – “ფეხბურთის 100 წელი”
1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ, ესპანურ ჟურნალ “მუნდიალში” 24 ფინალისტი გუნდის მწვრთნელებმა პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელეს. მარადონას, ზიკოსა და პლატინის შემდეგ, ყიფიანი მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა.
უეფას თასების მფლობელთა თასის მფლობელი; სსრკ ჩემპიონი; სსრკ ვიცე-ჩემპიონი; სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი; სსრკ თასის მფლობელი; სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ვერცხლის პრიზიორი; ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი; ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული; სსრკ საუკეთესო ფეხბურთელი; სსრკ ჩემპიონატის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში 8-ჯერ მოხვედრილი; საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი; სპორტის დამსახურებული ოსტატი, ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი ფეხბურთელი დავით ყიფიანი დღეს 71 წლის გახდებოდა.