ავთანდილ იოსელიანის სახელი მიენიჭა სვანეთში ერთ-ერთ აქამდე უსახელო მწვერვალს.
1980-იანი წლების ბოლოდან ეროვნულ მოძრაობაში ჩაბმული ავთანდილ იოსელიანი აქტიურ მონაწილეობას იღებდა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მიმდინარე პროცესებში. 1992 წლის სექტემბერში, სამსახურიდან შვებულება აიღო და აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, მოხალისედ წავიდა.
ავთანდილ იოსელიანმა, 1992 წლის 26 ოქტომბერს, ქალაქ ოჩამჩირეში, თანამებრძოლების გარემოცვაში, სადაც ტყვედ აყვანილი მოწინააღმდეგეები იმყოფებოდნენ, ხელყუმბარა სხეულით დაფარა და საკუთარი სიცოცხლის ფასად, გარშემო მყოფები სიკვდილს გადაარჩინა. 2019 წლის 17 ნოემბერს, მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
ავთანდილ იოსელიანი ასევე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. მას დარჩა მეუღლე და სამი შვილი. დაკრძალულია საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე.