აჭარაში ზაფხულის საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად დღეს, 15 ივნისს, ‘ზაფხულის ფესტივალით“ გაიხსნება. ყველაზე ფერადი და საინტერესო ფესტივალი უცვლელი სლოგანით „ზაფხული იწყება აქ“ წელს ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება. ფესტივალის მუსიკალურ პროგრამაზე, რომელიც ანბანის კოშკთან 18:00 საათზე დაიწყება, ქართველი შემსრულებლები, ბენდები და დიჯეები იზრუნებენ. მათ შორის იქნებიან ადგილობრივი და მოწვეული ბენდები „მგზავრები“, „თამადა“, KILLAGES, „ასეა სულ“, See Side და Techno Band Offside. მთელი დღის განმავლობაში ანბანის კოშკთან დაუკრავს DJ გაბუნია, DJ გურული და DJ ჩიკი.
ფესტივალზე იფუნქციონირებს ღია კაფე-ბარები, სადაც სასმელების, ნაყინის, ხილის და კერძების შეკვეთა იქნება შესაძლებელი. ზღვის სანაპიროზე გაიმართება ფრანების შოუ, 14:00 საათიდან კი ბულვარის კოლონადებთან სტუმრებისთვის მრავალფეროვანი სპორტულ-გასართობი აქტივობებია დაგეგმილი: დრამების შოუ, პანტომიმა, ავიაშოუ, საბავშვო აქტივობები, სპორტული ცეკვები და სხვა გასართობი ღონისძიებები, ყველა ასაკისა და კატეგორიის სტუმარზე იქნება გათვლილი.
ფესტივალი 12:00 საათზე დაიწყება და 03:00 საათზე გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება. „ზაფხულის ფესტივალი“ რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ბათუმის მერიისა და ბულვარის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.